ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხური

ნოოლოგია

მოკლე აღწერა

ტექსტი აღწერს ნოოფილიგენეზის მეოთხე და მეხუთე საფეხურებს. მესამე ეტაპზე მიღწეული პიროვნული თვითკმარობა ქმნის დისტანციას რეალობასთან, რაც საფუძველს უყრის მეოთხე საფეხურს, რომლის საყოველთაო გამოხატულებაა მეცნიერება. ეს ეტაპი ხასიათდება „რწმენის“ პრიმატის „ეჭვით“ ჩანაცვლებით და რეალობის ობიექტური შესწავლით, რასაც კვანტური ფიზიკა და ფარდობითობის თეორია ასახავს. მეოთხე საფეხურის ლოგიკური ზღვარია რეალობის სრული ტექნოლოგიური დაქვემდებარება. ეს, თავის მხრივ, ქმნის „მეხუთე საფეხურის“ პირობას, რომელიც რეალობის ფუნდამენტურ ონტოლოგიურ ვარირებას გულისხმობს, თუმცა მისი დეტალური განხილვა ჯერ ნაადრევია.

დეტალური აღწერა

ახალი დროის მათემატიკის მიღწევების დიდი ნაწილი, როგორც აღინიშნა, შესაბამისია ნოოფილიგენეზის მესამე საფეხურისა, მაგრამ მათემატიკური ლოგიკა, გამოყენებითი მათემატიკა და, განსაკუთრებით, თეორიულ ფიზიკასთან დაკავშირებული ნაწილი მათემატიკის სფეროში დაგროვილი ცოდნისა, ეკუთვნის ნოოფილიგენეზის მორიგ საფეხურს, რომლის შესაძლებლობას გვკარნახობს თვით ნოოფილიგენეზის მესამე საფეხურის ლოგიკურ დასასრულად საგულისხმო მდგომარეობა: თვითრეფლექსიურ თვითიდენტიფიკაციაში თვითკმარობის მიღწევა პიროვნებას სინამდვილის მიმართ დისტანცირებულობისა და გაუცხოებულობის პოზიციაში აყენებს, რაც სინამდვილის ფენომენების იმგვარად იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა, როგორებიც არიან ისინი თავის თავში (იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია ეს საზოგადოდ) და არა შეგრძნებებისა და აღქმის ბიოლოგიური (პიროვნების ბიოლოგიური მატარებლის, ანუ სხეულის, მახასიათებლებით განსაზღვრული) უნარების შესაბამისი კონკრეტულობითა და არც რელიგიური სისტემის ლოგიკით ნაკარნახევი მოლოდინის გამართლების მცდელობით.

ნოოფილიგენეზის მეოთხე საფეხურის საილუსტრაციოდ საუკეთესო მაგალითებია: კვანტური ფიზიკა, ფარდობითობის თეორია, ელექტრონიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიღწევები და, თუმცა ამგვარადვე თვალსაჩინო არ არის, ახალი საფეხურის დადგომას, თანდათანობით ცხოვრების ყველა სფეროში შემოაქვს პარადიგმული ცვლილებები. კვანტური რელატივისტური ნოოლოგიის შედეგების გამოყენება დიდად გააიოლებს და დააჩქარებს ამ პროცესს.

ნოოფილიგენეზის მესამე საფეხურიდან მეოთხეზე გადასვლა, პირობითად, შეიძლება დავახასიათოთ, როგორც “რწმენის” პრიმატის “ეჭვის” პრიმატით შეცვლა. უნდა შევნიშნოთ, რომ ეჭვის, როგორც მეოთხე საფეხურის ატრიბუტის, საგანი არ შეიძლება იყოს რელიგიური რწმენის ობიექტი, რადგან ეს “მინოტავრის სინდრომის” სიმპტომი იქნებოდა.

ყოოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ნოოფილიგენეზის მეოთხე საფეხურის გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ განვითარების ამ საფეხურს მიღწეულ კულტურათა ის საყოველთაო და აქამდე მხოლოდ ფენომენოლოგიურად იდენტიფიცირებული შემადგენელი, რომელიც მეცნიერების სახელითაა ცნობილი. აქ, ამ ტერმინს მხოლოდ დასახელებული მნიშვნელობით გამოვიყენებთ.

ნოოფილიგენეზის მეოთხე საფეხურსაც გააჩნია განვითარების ლოგიკური ზღვარი, რაც სინამდვილის მეცნიერულად (გაუცხოებულად და დისტანცირებულად) შესწავლის დასრულებასა და მის სრულ ტექნოლოგიურ ათვისება-დაქვემდებარებას (დისტანცირებულად საჭვრეტ, შემეცნებისა და ტექნოლოგიისთვის გარეგან ობიექტთა სიმრავლის ამოწურვას) გულისხმობს. ეს ნიშნავს სრული სინამდვილის ფუნდამენტური ონტოლოგიური ვარირების შესაძლებლობის გამომუშავებას, რისი აქტუალიზაციაც, უკვე “ნოოფილიგენეზის მეხუთე საფეხურის” გამოხატულებად შეიძლება დასახელდეს. ჯერჯერობით, დედამიწის ნოოსფეროში ნოოფილიგენეზის მეოთხე საფეხური ახალ დაწყებულია, ასე, რომ მეხუთე საფეხურის პრობლემების დაკონკრეტება შეუძლებელიცაა და არადროულიც, თუმცა იმის თქმა კი შეიძლება, რომ მეხუთე საფეხური წარმოგვიდგება იმ პოტენციის აქტუალიზაციად, რომელიც ნოოფილიგენეზის მესამე საფეხურზე იწყებს გამოვლენას, სინამდვილის აწმყო მდგომარეობის მახასიათებლების ნიველირებით.

მაგალითები წინადადებებში:

ვიდეო