წინა სტატია
1 Jul, 2025
რუსეთ-უკრაინის ომი: ნოოლოგიის პერსპექტივები
შემდეგი სტატია

რუსეთ-უკრაინის ომი: ნოოლოგიის პერსპექტივები

რუსეთისა და უკრაინის ომის ნოოლოგიური განხილვა და თემი ახლებური გააზრება
რუსეთ-უკრაინის ომი: ნოოლოგიის პერსპექტივები

ძირითადი ინფორმაცია

წინამდებარე სტატიაში განხილული და გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომი კვანტური რელატივისტური ნოოლოგიის პრიზმაში. სტატიაში წარმოჩენილია კონფლიქტის წარმოშობის ძირეული პრობლემატიკა და ამ კონფლიქტის გაგრძელების პერსპექტივები.

კონკრეტული ომის შესახებ მსჯელობის ნებისმიერი მცდელობა რამდენიმე დაბრკოლებას ეჯახება, რომელთა მენტალური გადალახვის გარეშეც მეტად პრობლემურია შევუდგეთ ომის კონკრეტული ფაქტოლოგიის გააზრებას და დაუფიქრებლად გადავეშვათ გეოპოლიტიკურ, პოლიტოლოგიურსა თუ ემპირიულ ანალიზში.

ომი ხომ სულ იყო“ მართლაც, კაცობრიობის ისტორია ხომ ქმნადობის ისტორიის მცირე მონაკვეთია, მონაკვეთი გაჯერებული სისხლითა და ცრემლით.  პუნიკური ომები, 30-წლიანი ომი, ნაპოლეონის ლაშქრობები, პირველი და მეორე მსოფლიო ომები მხოლოდ ერთი დაფიქრებით გონების ზედაპირზე ამოტივტივდება ჩამონათვალი ომებისა, რომელმაც ათობით მილიონი დაღუპული და გაუბედურებული ადამიანი, სისხლისღვრა და საშინელება მოიტანა.

ქმნადობისა და ისტორიის შინაგან მოტორიკად ხომ ომი მიიჩნევა მაშ, რაღა საჭიროა კონკრეტული ომის პერიპეტიების განხილვა და მისი დეტალების გადმოლაგება? რატომ უნდა მიმოვიხილავდეთ ანალიტიკურ შეფასებებს ომის გარშემო? რატომ უნდა განვიხილავდეთ გეოპოლიტიკურ წახნაგებსა და სამომავლო პერსპექტივებს? რა საჭიროა ეს ყოველივე მეტადრე მაშინ, როცა მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს კანტთან წარმოქმნილი იდეა მარადიული მშვიდობის შესახებ, ძირეულად შეარყია ჰეგელმა, ხოლო მარქსმა, მართალია გარკვეული თეორიული იმედი დაუსახა კაცობრიობას უკლასო საზოგადოებისა და ისტორიის საბოლოო და მშვიდობიანი მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ისტორიამ ყოველგვარი ილუზია გამოგვაცალა (სულ მცირე, დღევანდელ ადამიანებს) ომი, ომი და ომი.

როგორც ვხედავთ, არსისმიერმა პათოსმა რომ ომი სულ იყო, წარმოშვა შეკითხვათა წყება, რომელიც მეტად თუ ნაკლებად ნიჰილიზმს შეიცავს.

აქ მხოლოდ სწრაფად და პუნქტობრივად ვუპასუხებთ მათ და ამით ნათელვყოფთ მოტივაციას იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება ღირდეს კონკრეტული,  ჩვენ შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის (ამერიკის), ომის განხილვა:

ა) ყოველი ახალი თაობა სიცოცხლის ავ-კარგს ხელახლა გამოცდის, მართალია, ახლებურ ფორმებსა და კომბინაციებში, მაგრამ მან უნდა გამოცადოს ის, რაც გამოცადეს უწინ ყოველი ახალი ომი, მას, როგორც ისტორიულად გამოყოფილ ცალკეულ არსებას, რაღაც განსხვავებულად წარმოუდგება;

ბ) უკრაინა-რუსეთის ომი ახლავს რაღაც ახლის მოლოდინი. ის ჰბადებს ისტორიის გარდამტეხი მომენტის შეგრძნებას თითქოს რაღაც „ახალი“ იბადება, ძველი კი „კვდება“. ეს ომი წარმოადგენს ერთგვარ Interregnum-ს ორ წესრიგს შორის არსებულ „ბუფერულ მონაკვეთს“, გარდამავალ ეტაპს. ომის შედეგი კი დიდწილად განსაზღვრავს სამომავლო წესრიგის რაობას;

გ) რუსეთ-უკრაინის ომი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს ომი თავისუფლად შეიძლება კატასტროფულად შეხებოდა საქართველოსაც და სახელმწიფოებრიობის დაკარგვა გამოეწვია; 

დ) ომის სიხშირე აპათიას წარმოშობს თუმცა ეს კონკრეტული ომი სწორედ ამიტომაც უნდა გვაინტერესებდეს; ამ არსისმიერი დაბრკოლების გადაწყვეტა მასშივეა მოცემული რადგან „ომი სულ იყო“ (და, ალბათ, სულ იქნება), დაე, ჩვენც, დროითად და სივრცითად შემოზღუდული არსებები, დავინტერესდეთ ამ ომით და ვეძიოთ პოტენციური გამოსავალი შესაძლებელია თუ არა მოგვარება ამ კონფლიქტისა მოკლევადიან პერსპექტივაში (300 წლის შემდგომ მოსახდენ ომებზე ხომ არსებითს ვერაფერს ვიტყვით);

ე) რუსეთ-უკრაინის (რუსეთ-ამერიკის) ომის განხილვისას ვიყენებთ ქართული სამეცნიერო სკოლის მეტად საინტერესო თეორიის, „კვანტურ-რელატივისტური ნოოლოგიის“ (ავტორი: ემზარ ხვიჩია) კონცეპტუალურ აპარატს. ის არა მხოლოდ ახლებურ ტერმინოლოგიას და ხედვას ამკვიდრებს, არამედ აგრეთვე მიიჩნევს, რომ თეორიის საფუძველზე მიღებული დოქტრინის ინიციირება საერთაშორისო პოლიტიკასა და ურთიერთობებს ჩიხიდან გამოიყვანს.

ეს ხუთი მიზეზი, თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც უნდა კმაროდეს, რათა ზემოხსენებული ნიჰილიზმი დროებით უკუვაგდოთ და შევუდგეთ კონკრეტული ომის რუსეთ-უკრაინის (რუსეთ-ამერიკის) ომის განხილვას, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ამ სტრიქონის წერის დროსაც მიმდინარეობს.

ნოოლოგიის შესახებ

„ნოოლოგია თვითკმარი არსებობის ლოგიკა / საზოგადოების თვითორგანიზაციისა და მდგომარეობის ცვლის კანონები“ ასე ჟღერს სათაური ემზარ ხვიჩიას Magnum Opus-ისა, რომელიც მრავალ ნიშანდობლივ ჰორიზონტს გადაგვიშლის და ანალიზისთვის მნიშვნელოვანი აპარატით აღგვჭურვავს.

სანამ საკუთრივ „ნოოსფერულ სტიქიათა თეორიის“ ავტორის კონკრეტული ომის შესახებ ანალიზის განხილვას შევუდგებოდეთ, მნიშვნელოვანია მოკლედ გადმოვცეთ მისი თეორიული აპარატის ის ძირითადი მახასიათებლები, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის მიმოხილვის დროსაა გამოყენებული.

ავტორის მიხედვით, ნებისმიერ ქმედებას ახასიათებს ოთხი ასპექტი. ესენია: ფორმის, ძლევის, მართვის და ცხრომის ასპექტები. მართლაც, თუ დავუკვირდებით, ნებისმიერ ქმედებას „თან სდევს“ ეს ოთხი ხვიჩიას მიხედვით, არც მეტი და არც ნაკლები ლოგიკური ასპექტი. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა გავხსნათ მინერალური წყლის ბოთლი, ამისთვის საჭიროა მოვიმარჯვოთ მო-ვმართოთ სამოქმედო საშუალება (ვთქვათ, გასახსნელი); ამასთან, ინსტრუმენტთა მომარჯვება-[მო]მართვასთან ერთად საჭიროა წინააღმდეგობის გადალახვა ძლევა; ხოლო მოქმედებას ასრულებს [და]ცხრომა, ე.ი. დასრულება, რასაც ნოოლოგიური ტერმინოლოგიით ცხრომა ეწოდება. მოქმედებას, აგრეთვე, ახლავს ფორმითი შემადგენელი ქმედებაში მონაწილე კომპონენტთა გარკვეული სახის ურთიერთმიმართება. საზოგადოდ, ხსენებულ თეორიაში ეს ოთხეული ამოსავალი წერტილია ერთგვარი ათვლის სისტემაა, რომელსაც ხვიჩია აყრდნობს თავის მსჯელობებს ცივილიზაციების, ისტორიული განვითარებისა თუ კონკრეტული პოლიტიკური ვითარებების შესახებ.

ყოველგვარი ქმედებისთვის დამახასიათებელი ოთხიდან მართვის, ფორმის, ძლევის, ცხრომის ერთ-ერთ ასპექტზე ფიქსირებას ეწოდება „გადაგვარებულობის მოხსნა“. ეს ტერმინი, რომელიც ავტორს ფიზიკიდან „გადმოაქვს“, აღნიშნავს პიროვნებად ჩამოყალიბების მომენტს. „გადაგვარებულობის მოხსნა“, ე.ი. ზემოხსენებული „ოთხეულიდან“ ერთ-ერთზე ფიქსირება, რომელიმეს „აკვიატება“, არის ადამიანის ცხოველური მდგომარეობიდან გამოსვლისა და პიროვნებად რასაც ხვიჩია „ნოოიდს“ უწოდებს (ხვიჩია, 2020: 10) ჩამოყალიბების უმთავრესი კვანძი. მნიშვნელოვანია, რომ გადაგვარების მოხსნისას, ე.ი. „ოთხეულის“ რომელიმე ასპექტზე ფიქსირებისას, დანარჩენი სამი მიიჩნევა ერთგვარ ეგზოგენურ, გარეგან ფაქტორად. შედეგად, ყალიბდება ოთხი ნოოტიპი: მართვის მანიის ნოოტიპი, ფორმის მანიის ნოოტიპი, ძლევის მანიის ნოოტიპი, ცხრომის მანიის ნოოტიპი.

ნოოლოგიის მიხედვით, კონკრეტული ნოოტიპის ინდივიდები ქმნიან კონკრეტული ნოოტიპის ერებს. ანუ ნოოლოგია პრეტენზიას აცხადებს ისტორიის ფილოსოფიურ გააზრებაზე, რადგან ეს სწავლება გვთავაზობს ისტორიის ინტერპრეტაციის მოდელს, რომელიც სწორედ ხსენებულ ოთხეულს ეყრდნობა. ამრიგად, ერი ნიშნავს ისეთ საზოგადოებრივ ერთობას, რომელიც ოთხი ნოოტიპიდან ერთ-ერთს მიეკუთვნება. თუ ჩვენი სტატიის მიზნებისთვის საჭირო კონკრეტიკაში გადავალთ, შეგვიძლია წინსწრებით ვთქვათ: ნოოლოგიის სწავლების მიხედვით, რუსი ერი ძლევის მანიის ერია, ამერიკელი ერი ცხრომის მანიისა, უკრაინელი ფორმის მანიის, ქართველი მართვის მანიის. 

დაინტერესებულ მკითხველს შეიძლება ეხამუშოს მსგავსი დანაწილება ჩვენი ტვინი ხომ მიდრეკილია ნაცნობი (და უხიფათო) მიიღოს, ხოლო ახალი და უცხო განაგდოს. ამიტომაც, ჩვენი გონების ამგვარი „კონსერვატიულობის“ საპირწონედ მნიშვნელოვანია ნოოლოგიის ახსნაში მეტი კონკრეტიკა შემოვიტანოთ.

ყოველი ერის ქცევები და მისწრაფებები, გარდა ნოოტიპისა, განსაზღვრულია ნოოფილოგენეზის საფეხურითა და ფაზით. ემზარ ხვიჩია თავის თეორიაში გამოჰყოფს ოთხ საფეხურს: პირველს, სადაც დომინირებს ტოტემური „ცნობიერება“; მეორეს სადაც „წამყვანი როლი“ მითოსურ აზროვნებას ენიჭება; მესამეს სადაც რელიგიაა უპირატესი და მეოთხეს სადაც მეცნიერული აზრია დომინანტური; ყოველ ნოოსფერულ სტიქიას სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ერები წარმოადგენენ (წარმოადგენდნენ). ასე მაგალითად, ნოოლოგიის მიხედვით (ხვიჩია, 2020: 60, 64), ირანი ფორმის მანიის მესამე საფეხურზე მყოფი ერია, ხოლო რუსეთი ძლევის მანიის მეოთხე საფეხურზე მყოფი ერი.

ამრიგად, ისტორიულ ვითარებათა განხილვისას გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი მდგენელი ნოოსფერული სტიქია და ნოოფილოგენეზური საფეხური. მათ გარდა, მეტ-ნაკლებად სრულყოფილი მსჯელობისათვის, მნიშვნელოვანია ფ ა ზ ი ს ცნების შემოტანა: ფაზა ისტორიის ის მონაკვეთია, როდესაც რომელიმე ნოოსფერული სტიქიის ეფექტი ან ეფექტები დომინირებს ამა თუ იმ ცივილიზაციაში შესაბამისად, ფორმის მანიის ფაზა, კონკრეტულ შეფერილობას (მისი ნოოტიპის შესაფერისს) აძლევს ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთს. უფრო კონკრეტულად, ემზარ ხვიჩიას თეორიის თანახმად (ხვიჩია, 2020: 238), მიმდინარე ისტორიული ეპოქა წარმოადგენს „ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზას“, რომელიც დაახლოებით 2008-2027 წლებში არის/იქნება ძალაში ე.ი. ამ პერიოდში ფორმის მანიის მახასიათებლების გავლენა იზრდება სხვა ნოოტიპის ერებშიც. 

მკითხველს, რომელიც „ტვინის კონსერვატიულობას“ არ ნებდება და აგრძელებს კითხვას, დანაკლისის შეგრძნება გაუჩნდებოდა. ამ განცდას, სავარაუდოდ, შემდეგი კითხვები ასაზრდოებენ: რა არის კონკრეტული მახასიათებლები, რომლებიც, პირობითად, მართვის მანიის ერებს გამოარჩევს ფორმის მანიის ერთაგან, ან, ვთქვათ, ძლევის მანიის ერებს ცხრომის მანიის ერებისგან? საიდან მოდის ეს მახასიათებლები და რამდენად გამომდინარეობს ისინი ამ ცნებათაგან?

დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს ავტორის ზემოხსენებული მთავარი ნაშრომის 160-ე გვერდს, სადაც სქემატურადაა შეჯამებული ნოოლოგიის სწავლების უდიდესი წილი. ჩვენის მხრივ კი, ქვემორედ მხოლოდ აუცილებელ ექსპლიკაციებს მივეცემით, ნოოტიპთა დეფინიციებს თუმც არასრულს რომ მოიცავს.

ავტორისეული გადმოცემის თანმიმდევრობის დაცვით, მაქსიმალურად ლაკონურად განვიხილოთ თითოეული ნოოსფერული სტიქია, ხოლო თუ სტატიის შემდეგ ნაწილში რამეს მოვისაკლისებთ, მას იქვე, მითითებაში განვმარტავთ.

პირველი ნოოსფერული სტიქია, რომელიც განხილულია ავტორის მიერ ეს ფორმის მანიაა. ფორმის მანია მოქმედებას ფორმისქმნის აქტად შერაცხავს, სუბიექტი ფორმის მიმნიჭებელია, ხოლო ობიექტი მიიჩნევა ფორმის-მინიჭების აქტისთვის შეწინააღმდეგების უნარის არმქონედ (ხვიჩია, 2020: 54). რაც ფორმის მანიის მახასიათებელთაგან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით ეს მისი მიუღებლობაა უცხოთა მიმართ. ფორმის მანიაში მთლიანობა პირველადია, ნაწილი კი მეორეული; ეს, თავის მხრივ, გულისხმობს ამა თუ იმ „ჯერარსული მორალის“ დიდ გავლენას, მოვალეობითი ეთიკის დომინაციას და საკუთარი თავის ფორმისეულ ჭრილში განხილვას, რაც იწვევს უცხოთა რომელნიც ამ ჯერარსულ ლოგიკას არ ზიარებულან მიუღებლობას. ფორმის მანიის არის, მაგალითად, უკრაინელი ერი.

ამისგან განსხვავებულ სამოქმედო ჰორიზონტებს სახავენ ძლევის მანიის ერები, მაგალითად, რუსი ერი (ხვიჩია, 2020: 64). ემზარ ხვიჩიას თქმით , „სუბიექტი, რომელიც თავის მოქმედებას ძლევის აქტად სახავს … მიმართულია წინააღმდეგობის ძიებაზე. … ძლევის აქტის ობიექტს ეგულისხმება მასზე ზემოქმედებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი, თვითგანსაზღვრულობა“ (ხვიჩია, 2020: 60).  ძლევის მანიის სუბიექტები ერთმანეთს ინტენსივობით ოდენობებად მიემართებიან. მათი ერთიანობა ძალთა შეკრებაა. ძლევის მანიის პიროვნება განსაკუთრებით მიდრეკილია მძლავრობისადმი. ძლევის მანიის ნოოტიპს ახასიათებს აგრეთვე „ლაზერის“ თვისება ის ახალ სოციალურ ელემენტებს ძალისმიერ მთელში შემოიკრებს. ის ყველა პროცესს უპირატესად ომისა და წინააღმდეგობის პრიზმით განჭვრეტს. 

ცხრომის მანიის ერების, და საზოგადოდ, ამ ნოოსფერული სტიქიის, ნიშანია სუბიექტის დასასრულ აქტზე ორიენტაცია „მიზნობრივი ქცევა“. დასასრულზე ორიენტაცია გულისხმობს, რომ ობიექტს წაერთმევა უნარი, სუბიექტის გამოწვევისა. ცხრომის მანიის ეფექტით განსაზღვრული საზოგადოების ერთობა ღიაა ნებისმიერი მოდუსის პიროვნებისთვის, თუ მას შეუძლია გაცვლით ურთიერთობებში „ღიად“ ჩაბმა. ცხრომის მანიაში გაბატონებულია ინდივიდის პრიმატი და ახასიათებს გაცვლითი ურთიერთობის (მაგ., ვაჭრობის) დომინირება. ცხრომის მანიის ერს წარმოადგენს ამერიკელი ერი.

მართვის მანიის ნოოტიპი, რომელსაც ავტორი ქართველ ერს მიაკუთვნებს (ხვიჩია, 2020: 100) განსხვავებით სხვა სამი ნოოტიპისგან, საკუთარ მსოფლმხედველობრივ პოზიციას არ მიიჩნევს უნივერსალისტურად, ვინაიდან შეუძლია სხვა ნოოტიპთა პოზიციების გათვალისწინება და მათი განსხვავებულობის აღიარება. სწორედ ამას ეფუძნება ავტორის მიერ მართვის მანიის ნოოტიპის ერთათვის საერთაშორისო ასპარეზზე მომრიგებლის ფუნქციის მინიჭება.

მართვის მანიის ნოოტიპის შემთხვევაში საინტერესოა სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთმიმართება. ემზარ ხვიჩიას მიხედვით: „მართვის აქტის სუბიექტი თავის ობიექტზე ზემოქმედებისას, ანიჭებს მას იმგვარი ცვლილების იმპულსს, რომელიც ობიექტში თავისთავადაც შეიძლება წარმოშობილიყო, ანუ რომელიც, ობიექტის პოზიციიდან გარეგან ჩარევად ვერ იდენტიფიცირდება“ (ხვიჩია, 2020, 74). მართვის მანიის ეფექტის რეალიზაცია ვერ მოხდება, თუ მის ობიექტს არ ახასიათებს სხვა მდგომარეობათა მიღების საშუალება; მართვის მანიის რეალიზაცია გულისხმობს ობიექტში ტოლ-შესაძლებელ პოტენციურ მდგომარეობათა არსებობას. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მართვის მანიის ნოოტიპს უფრო მარტივად შეუძლია მიიღოს სხვა ნოოტიპთა ნიშან-თვისებები ისე, რომ არ შეიცვალოს საკუთარი ნოოტიპი; მათი ცვლა კი განპირობებულია დანარჩენი სამი ნოოტიპის შესაბამის მდგომარეობათა ვარირებით. როგორც ვთქვით, თეორიის მიხედვით, მართვის მანიის ნოოტიპის წარმომადგენელია ქართველი ერი (შოტლანდიელებთან, ირლანდიელებთან და ბასკებთან ერთად).

სწორედ ერთა ნოოლოგიურ თვისობრიობრიობას ერთა ნოოტიპებს ეყრდნობა ემზარ ხვიჩიას შეხედულება საერთაშორისო პოლიტიკის სამომავლო მოწყობის შესახებ. ავტორის აზრით (ხვიჩია, 2011: 13), რადგან დღესდღეობით ყველა ერი, მცირე ეთნოსთა გამოკლებით, ერთ ცივილიზაციაშია მოქცეული, არც ერთი ნოოტიპის ერი არ უნდა დარჩეს პოზიტიური როლის გარეშე. ნოოლოგიის მიერ წამოყენებული როლური განაწილება, ავტორის მიხედვით (ხვიჩია, 2011: 14), ოპტიმალურია. ამ განაწილებაში თითოეული ნოოტიპის ერი უზრუნველყოფს ოპტიმალურ თანაარსებობას სხვა დანარჩენი სამი ტიპის ერთან. „ეს ნიშნავს თვითგანვითარების პირობად, ყოველივ ერის მიერ, ცივილიზაციაში მისთვის ხელსაყრელ ფაზაში, თავისი ექსპანსიის ისეთ ზღვარზე თვითშეჩერების ობიექტურ აუცილებლობას, რომლის მიღმაც, ცივილიზაციის ფარგლებში, მოცემული იქნება საკმარისი რესურსები სამივე სხვა თვისებრივი ტიპის თითო ერის ამავე ხარისხის განვითარებისთვის“ (ხვიჩია, 2011: 13). ამ პრინციპს ეფუძნება სტრატეგია, რომელსაც ავტორი „საარსებო რესურსების ოპტიმალურად განაწილების სტრატეგიას“ უწოდებს, ხოლო ხედვას ამგვარი სტრატეგიის შესახებ „ოპტიმალიზმის დოქტრინას“.  „საარსებო რესურსების ოპტიმალურად განაწილების სტრატეგია“ უპირისპირდება „რესურსების დატაცების სტრატეგიას“, რომელიც დღემდეა გაბატონებული. „რესურსების დატაცების სტრატეგია“ განსხვავდება ოპტიმალურისგან სწორედ იმით, რომ აქ ოთხი ნოოტიპის ერის „როლური განაწილება“ არ არის ოპტიმალური, ე.ი. რესურსებისთვის ბრძოლაში ჯერ კიდევ მოქმედებს: ურთიერთმიუღებლობის დომინანტური მიმართება, საკუთარი ნოოტიპური გარკვეულობის შესახებ ცოდნის არქონა და შესაბამისად, სხვა ნოოტიპის ერის ამგვარად (ე.ი. ამა თუ იმ ნოოტიპის ერად) ვერ გააზრება. ამ ყოველივეს გადალახვას, თეორიის ავტორის მიხედვით, ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ისტორიული ვითარება სხვადასხვა ერების გაერთიანება ერთ, საერთო ცივილიზაციად და, მეორე მხრივ, საკუთრივ „ოპტიმალიზმის დოქტრინა“, რომელიც კვანტურ-რელატივისტური ნოოლოგიის დაკონკრეტებაა ისტორიული პროგნოზირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. 

ემზარ ხვიჩიას ხედვები ომის შესახებ

სწორედ ამ თეორიულ საფუძველს ემყარება ემზარ ხვიჩიას შეხედულებები სხვადასხვა გეოპოლიტიკურ საკითხზე, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომზე. ეს განაზრებები თუ მოსაზრებები გაბნეულია ავტორის სტატიებსა და სოციალურ-ქსელში განთავსებულ მასალაში. კომპაქტურობისა და ლაკონურობის მიზნით, მათ სქემატური სახით გადმოვცემთ და იქვე წარმოვადგენთ ჩვენს მოსაზრებებს:

  1. უკრაინაში ომის გაჩაღება ხელს აძლევს ამერიკას, რომლის სამხედრო პოტენციალზე მოთხოვნის გაუქმების შემდეგ, მას განზრახული აქვს ევროპის დესტაბილიზაცია და საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პროდუქციაზე მოთხოვნის რეაქტუალიზაცია. ემზარ ხვიჩიას ეს მოსაზრება, რომელიც მან ომის დაწყებამდე გამოთქვა, უდავოდ მეტყველებს გეოპოლიტიკურ საკითხებში მის განსწავლულობაზე; გავიხსენოთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება, რომ უკრაინაში დახარჯული თანხის 90% აშშ-ში დაიხარჯა, რამაც ამერიკის ეკონომიკის ზრდა გამოიწვია. 
  2. ცდება ვინც უკრაინას და ბელორუსს რუსული სამყაროს ნაწილად მიიჩნევს ფორმის მანიის კლასის ერები ვერ იქნებიან ძლევის მანიის კლასის ერის ნაწილი. – ემზარ ხვიჩია, საკუთარ თეორიაზე დაყრდნობით, ეწინააღმდეგება „ფართოდ გავრცელებულ“ მოსაზრებას, რომ უკრაინა და ბელორუსი „რუსული სამყაროს“ ნაწილი არიან. ამ შემთხვევაში თავს იჩენს მისი თეორიის ორი შესაძლო ხარვეზი: (1) პირველი ესაა თეორიის რედუქციონისტული ბუნება. მას სურს ყოველივეს მთავარ განმსაზღვრელ ისტორიულ კატეგორიად აქციოს ნოოტიპური მდგენელი და უკუაგდოს სხვა ამ შემთხვევაში, ეთნიკურ-ისტორიული კრიტერიუმი. გაურკვეველი რჩება, რატომ არის ეთნიკური კავშირი არა-საკმარისი მდგენელი იმისათვის, რომ რუსეთმა უკრაინა „თავისად“ მიიჩნიოს. მეტადრე, მისივე თეორიის მიხედვით, რუსეთს, როგორც ძლევის მანიის კლასის ერს, შეუძლია და ახერხებს სხვათა ძალისმიერ და პროდუქციულ ასიმილაციას ორგანულ მთელში (გავიხსენოთ, ჩრდილოეთ კავკასია, ჩუქჩეთი, ციმბირი და ა.შ). ასევე გაურკვეველია, რატომ არ შეიძლებაა გააჩნდეს პრეტენზია რუსეთს „ისტორიული ფაქტორებზე“ დაყრდნობით, კერძოდ კი, იმ ფაქტორებზე, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქების უმეტესობა რუსი მმართველების დაფუძნებულია. ამ შენიშვნებს მივყავართ „სიღრმეებთან“ და აყალიბებს ჩვენს მეორე (2) შენიშვნას, რომელიც საკუთრივ ემზარ ხვიჩიას თეორიის მეთოდოლოგიურ თუ დასკვნის-უნარიანობით გამართულობას ეხება. კერძოდ, რომელი ისტორიული ფაქტოლოგია თუ ისტორიული დაკვირვებები უბიძგებს ავტორს უკრაინელი ან ბელორუსი ერი ფორმის მანიის ერად მიიჩნიოს? კი, მართალია, ხვიჩიას რუსეთზე აქვს მთელი რიგი განაზრებები, მაგრამ უკრაინისა და ბელორუსის შემთხვევაში, მას „სიტყვაზე უნდა ვენდოთ“? არავითარ „შტუდიებს“ „უკრაინოლოგიასა“ თუ „ბელორუსოლოგიაში“ ემზარ ხვიჩია არ წარმოგვიდგენს. შესაბამისად, წმინდა მეთოდოლოგიურ საფუძველზე მისი მსჯელობა ამ შემთხვევაში მოიკოჭლებს (თუმცა, ეს „მოკოჭლება“ არ გამორიცხავს იმას, რომ ის შეიძლება ჭეშმარიტი იყოს); ერთ შესაძლო პასუხს წარმოადგენს ის, რომ ბელორუსი ერი ფორმის მანიის ერად ჩაითვალოს, რადგან მან შედარებით მეტად შეინარჩუნა წარმოების წესი (თეორიის მიხედვით, სსრკ ფორმის მანიის წარმონაქმნია), ხოლო უკრაინა ფორმისაა რადგან ამ ერს უცხოთა განსაკუთრებული მიუღებლობა ახასიათებს. ამგვარი მიდგომის შემთხვევაში ჩნდება შეკითხვები, რომლებიც, საფიქრებელია, რომ თეორიის სამომავლო კვლევაში უნდა გავითვალისწინოთ: ა) რატომ ხდება რომ ბელორუსის ფორმის მანიის ერად იდენტიფიცირების კრიტერიუმი არის მის მიერ სსრკ-ის (ფორმის მანიის ამ წარმონაქმნის) წარმოების წესის შენარჩუნება, ხოლო უკრაინის შემთხვევაში სხვა რამ კერძოდ, უცხოთა მიუღებლობა და ფაშიზმის მიმართ მიმღებლური დამოკიდებულება? და ამ შეკითხვის უფრო განზოგადებული სახე: ბ) წიგნის 160-ე გვერდზე (ხვიჩია, 2020: 160)  მოცემული ნოოსფერულ სტიქიათა ეფექტების მახასიათებლების ცხრილიდან რა კრიტერიუმით ვხელმძღვანელობთ რომელიმე ერის ფორმის (ან რომელიმე სხვა) მანიის ნოოტიპის ერად იდენტიფიცირებისთვის? ანუ, რომელიმე იმ 12 თვისებათაგან არის პრიორიტეტული, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ერი არის რომელიმე კონკრეტული ნოოტიპისა? არსებობს თუ არა ამ თვისებათა შორის იერარქია? შეიძლება თუ არა, რომ 2-3 თვისების იდენტიფიკაციის შემდეგ ვივარაუდოთ, რომ დანარჩენი თვისებებიც თავისთავად მიეკუთვნება ამ ერს? 
  3. მსოფლიო საზოგადოება იმყოფება ისეთ პერიოდში, როცა ოთხივე ნოოტიპის ერია წარმოდგენილი. ისინი ასრულებენ მათი ნოოტიპისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს. „ოთხივე ნოოტიპის ელემენტების ერთდროულად აქტუალობის შემთხვევაში კონფლიქტების აცილება შეუძლებელია ოთხი ნოოტიპის სისტემური ერთიანობის მომენტის აქტუალიზაციის გარეშე, რაც მართვის მანიის ნოოტიპის ერების ფუნქციაა“.  ემზარ ხვიჩიას მსგავსი მოსაზრება მისი თეორიიდან მომდინარეა, კერძოდ, მართვის მანიისთვის მომრიგებლური როლის მიკუთვნებულობიდან დედუცირდება. აქაც, ყველაფერი რიგზეა, თუკი ემზარ ხვიჩიას თეორიას უკრიტიკოდ მივიღებთ და არ დავსვამთ მთავარ შეკითხვას ხომ არ ხდება ისე, რომ ემზარ ხვიჩია კონკრეტული ნოოტიპის თვისობრიობას (მათ შორის, მართვის მანიის „მომრიგებლურ ბუნებას“) გამოიყვანს არა საკუთრივ კონკრეტული ნოოტიპის ცნებიდან, არამედ ეთნო-ფსიქოლოგიური დაკვირვებიდან და საკუთარი კეთილი სურვილებიდან? ეს კითხვაც, მსგავსად წინა პუნქტში დასმულისა, არ გულისხმობს წინდაწინვე პასუხს უბრალოდ, ის გამოხატავს ეჭვს თეორიის მეთოდოლოგიური გამართულობის თაობაზე; აქ ჩამოთვლილის გააზრებისა და გათვალისწინების გარეშე, საფიქრებელია, რომ „ოპტიმალიზმის დოქტრინის“ ინიციირებაზე საუბარი მხოლოდ თეორეტიკოსის, მისი თეორიული გაქანების მიუხედავად, კეთილ სურვილად რჩება;
  4. ამ ომში უკრაინის გამარჯვება იქნება მონომოდალისტური გლობალიზმის ფრონტის გამარჯვება, რაც ეროვნული სუვერენიტეტის ფაქტორის ფაქტობრივ ლიკვიდაციას ნიშნავს. – აქ, ემზარ ხვიჩიას დასკვნები უდავოდ გამართლებულია. აშშ უდავოდ გვევლინება მონომოდალისტური გლობალიზმის მედროშედ. ხვიჩიას ამგვარი სწორი დასკვნები კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, თუ როგორი კავშირია მის გეოპოლიტიკურ, ისტორიულ თუ სხვა დარგთა ცოდნასა და საკუთრივ ნოოლოგიას შორის. მისი დასკვნები საკუთრივ ნოოლოგიას ეფუძნება თუ გეოპოლიტიკური დასკვნები უბრალოდ მოყვანილია და შემდეგაა „შეწებებული“ ნოოლოგიასთან? ცხადია, ავტორი მეორე ვერსიას უკუაგდებდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია (რაც ზემოთ აღვნიშნეთ კიდეც), რომ გარკვეული ლოგიკური კითხვები წარმოიშობა იმის თაობაზე, თუ რა არის ხვიჩიას ზემოხსენებულ მსჯელობაში მთავარი ანუ ბაზისი და რა ზედნაშენი, ანუ პრობლემურად მოსჩანს „გამომდინარეობის“ საკითხი ის, თუ რა საიდან და რამდენად გამომდინარეობს.
  5. რუსეთი ებრძვის არა იმდენად მონომოდალისტურ გლობალიზმს, რამდენადაც გლობალიზმის განსხვავებული ნოოტიპის (ცხრომის მანიის) დომინაციით რეალიზაციას. რუსეთის ამერიკის დონეზე გაძლიერება ანალოგიური საფრთხეა ქართველი ერისთვის. ამ შეფასებაში ემზარ ხვიჩიას შეიძლება მხოლოდ დავეთანხმოთ, რადგან რომელიმე გეოპოლიტიკური ძალის ზღვარგადასული გაძლიერება საქართველოს მსგავსი მცირე ქვეყნისთვის უდავოდ დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს;
  6. ამერიკა საქართველოს განიხილავს ევრაზიაში ლიბერალიზმის გავრცელების არეალად; აგრძელებს რა იმ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, რაც ნეოლითური რევოლუციიდან მოყოლებული უკანასკნელ ხანებამდე წარმოადგენდა ოპტიმალურ და კონსტრუქციული მნიშვნელობის სტრატეგიას, რომელიც კაცობრიობის სისტემური განვითარებით იყო ნაკარნახევი და 90-იანი წლებიდან კი, თვითორგანიზაციის ხარისხის ნახტომისებურ სტრატეგიაზე გადასვლა გახდა საჭირო. ამ გადასვლისთვის კი „ოპტიმალიზმის დოქტრინის“ (ხვიჩიას „ნოოლოგიის“ საერთაშორისო პოლიტიკის „პრაქტიკულ-მომგვარებლური“ ნაწილის) ინიციირებაა საჭირო წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება ექსპანსიონისტური პოლიტიკა. ამგვარი ხედვა უთუოდ ყურადღების ღირსია. იგი თავის თავში იტევს კაცობრიობის გონში მომწიფებულ (და ვინძლო „გადამწიფებულ“) მოთხოვნილებაზე პასუხს, რომ რესურსების დატაცების პოლიტიკა შეიცვალოს რაიმე უფრო კონსტრუქციული თანაცხოვრების ფორმით. ამავე დროს, „ოპტიმალიზმის დოქტრინის“ ინიციირება, როგორც ინსტრუმენტი, თავის თავში პრობლემათა მთელ რიგ შეიცავს. (ა) ესაა თეორიულ-მეთოდოლოგიური ლაფსუსები საიდან დგინდება, რომ კონკრეტული ერები კონკრეტულ ნოოტიპს განეკუთვებიან? მაგალითად, აწარმოა კი ავტორმა რამე სიღრმისეული (ან ნაკლებ-სიღრმისეული) კვლევები იმის თაობაზე, რომ ირლანდიელი ერი ნამდვილად არის „მართვის მანიის ნოოტიპის“? ანუ, კითხვა ასეთია: კარგი, ვთქვათ, გარკვეულწილად მივყვებით ემზარ ხვიჩიას თეორიას და გადავწყვეტთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ნოოტიპებად დავჯგუფდეთ და ეს მივიჩნიოთ „ოპტიმალურად“, მაგრამ მაინც რას ეფუძნება მითითება იმაზე, ვინ ვის უნდა „დაუჯგუფდეს“? საიდან ვიცი, რომ მე, როგორც ქართველი (მართვის მანიის ნოოტიპის ერის წარმომადგენელი), ირლანდიელის „ნოო-მეგობარი“ უნდა ვიყო კატეგორიზაციაში? (ბ) ამგვარ ინიციირებაში ქართველთა მომრიგებლური როლის ჰიპერტროფირება (გაზვიადება) ხომ არ ხდება ავტორის ეროვნული პრეფერენციების საფუძველზე? ე.ი. „ქართველობას“ ზედმეტ როლს ხომ არ აკუთვნებს და მის „მომგვარებლურ“ უნარ-ჩვევებს ზედმეტად ხომ არ აფასებს ბატონი ხვიჩია? თუ ეს ასე არაა და ის მართვის მანიის ნიშან-თვისებაა, მაშინ უფრო ნათლად უნდა განიმარტოს კონკრეტული მანიის ნიშან-თვისებათა კონკრეტული ერისთვის მიკუთვნებულობის მართებულობა. (გ) რამდენად რეალისტურია, რომ რეგიონალური ფაქტორი უგულვებელყოფილ იქნას და ნოოლოგიური მდგენელი წამოვიდეს წინა პლანზე? ანუ, პირობითად, აზერბაიჯანელმა და თურქმა ერმა დაივიწყოს „ერთი ერი, ორი სახელმწიფოს“ პრინციპი და ნოოლოგიურ გზას დაადგეს? რამდენად რეალურია ეს?

მოკლედ, ეს ის შენიშვნები და მოსაზრებებია, რომლებიც შეიძლება გასჩენოდა დაკვირვებულ მკითხველს ემზარ ხვიჩიას მართლაც რომ საინტერესო თეორიას გაცნობისას. თეორიის პრაქტიკაში გამოყენების კერძო შემთხვევისას გამოვლენილი საკითხები, რომელთა კრიტიკული განხილვა ვცადეთ, უთუოდ გადაჭრას მოითხოვს, მით უმეტეს, ავტორის დაბეჯითებითი მოთხოვნის ფონზე, რომ „ოპტიმალიზმის დოქტრინა“ ინიცირებულ იქნას საკაცობრიო მასშტაბით.

 

  დასკვნა

ემზარ ხვიჩიას თეორიის გაშუქება და მისი ობიექტური გააზრება მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელობა წარმოჩინდა მის მიერ კონკრეტული ომის (რუსეთ-უკრაინის) ანალიზის ჭრილში. აქ დავინახეთ როგორც თეორიის უნარი, ღრმად ჩასწვდეს საკითხებს, ისე იმის საჭიროება, რომ ეს წვდომა უფრო საფუძვლიანად და ცხადად გამოიკვეთოს. ამ მხრივ, გამოვყავით საკუთრივ ავტორის მართებული განაზრებები და იქვე დავძინეთ, რომ ემზარ ხვიჩიას განაზრებათა მთელი რიგი საჭიროებს დამატებით ნათელყოფას. მაგალითად, თქმა იმისა, რომ „ოპტიმალიზმის დოქტრინის“ ინიციირება არის გამოსავალი „რესურსების დატაცების სტრატეგიისგან“, შესაძლოა, მიმზიდველად ჟღერდეს, მაგრამ, ამავე დროს, აჩენს კითხვას, თუ რამდენადაა შესაძლებელი ისტორიის მიერ ამა თუ იმ ფორმით (ეთნიკურით, ისტორიულით და სხვა) უკვე „გადაბმული“ ერების ნოოლოგიური კატეგორიზაცია. ეს საკითხი მწვავედ დგას მეტადრე იმიტომ, რომ საკუთრივ თეორიის მიერ ამა თუ იმ ერის კონკრეტულ ნოოტიპად იდენტიფიცირებადობის ახსნის დასაბუთება მეტად პრობლემური რჩება. 

პრობლემური მოსჩანს ასევე ავტორის მიერ ამა თუ იმ თვისებათა გამოყვანადობის საკითხი, ე.ი. კონკრეტული ერის მიკუთვნებულობა ამა თუ იმ ნოოტიპისადმი რამდენად არის ამ ერის სპეციფიური ნიშან-თვისების განმაპირობებელი, თუ იგი მის ეთნო-ფსიქოლოგიაში უნდა ვეძიოთ? ეს საკითხი მწვავდება მეტადრე იმიტომ, რომ ქართველ ერს, როგორც მართვის მანიის ნოოსფერული სტიქიის ეფექტის რეალიზატორს, თეორიის ავტორი მსოფლიო-მომრიგებლის როლს ანიჭებს.

უკრაინა-რუსეთის გარშემო ავტორის მიერ გამოთქმული მთელი რიგი გონებამახვილური მოსაზრებები გვაფიქრებინებს შემდეგს: ამ დასკვნებს რამდენად ესაჭიროება ნოოლოგია, როგორც თეორიული აპარატი? ხომ არ არიან ისინი ნაკარნახევი ემზარ ხვიჩიას საკმაოდ ძლიერი ანალიტიკური გონების მიერ (ნოოლოგიისგან დამოუკიდებლად)? ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ უკრაინის განსხვავებულ ერად გულვება ავტორის მიერ, მაგრამ არა მის მიერ თქმა იმისა, რომ რუსეთის პრეტენზიები უკრაინის დასაკუთრების საფუძველზე (რუსეთის გადმოსახედიდან) უპერსპექტივო და დაუსაბუთებელია. 

ამრიგად, ნოოლოგიის, როგორც თეორიის პრაქტიკულმა გამოყენებამ კონკრეტული ომის შეფასებით ჭრილში წარმოაჩინა როგორც თეორიის სიმძლავრეები, ასევე მისი შესაძლო ლაფსუსები. ერთიცა და მეორეც სამომავლო აკადემიური და საზოგადოებრივი დისკუსიის საგნად ყოფნას უდავოდ იმსახურებენ. 

 

  • წყაროები:
  1. ხვიჩია, ემზარ. ნოოლოგია თვითკმარის არსებობის ლოგიკა / საზოგადოების თვითორგანიზაციისა და მდგომარეობის ცვლის კანონები. ახალი პარადიგმა, თბილისი, 2020.
  2. ხვიჩია, ემზარ. ოპტიმალიზმი: ქართული ეროვნული იდეა, გლობალური იმპერატიული პარადიგმა. თბილისი 2011. 
  3. ქართული TV (2023, November 26). "ჩემო აფხაზეთო" მურმან კვარაცხელიას საავტორო გადაცემა. სტუმარი ემზარ ხვიჩია 26.11.2023 [Video]. Youtube .https://www.youtube.com/watch?v=FU726AdGZdo
  4. ქართული TV (2023, February 16). "პოლიტიკური თერმომეტრი" ზაურ ნაჭყებიას საავტორო გადაცემა, სტუმარი ემზარ ხვიჩია 16.02.2023
  5.  [Video]. Youtube. https://www.youtube.com/watch?v=DD_3BQeDeO4
  6. ქართული TV (2023, November 6). "პოლიტიკური თერმომეტრი" ზაურ ნაჭყებიას საავტორო გადაცემა, სტუმარი ემზარ ხვიჩია 6.11.2023 [Video] https://www.youtube.com/watch?v=b9b0nnz9Dx8
  7. Mackinder, Halford John. Democratic Ideals and Reality. Diane Publishing, 1962.
  8. Associated Press. (2023, August 9). Biden: Us will support Ukraine ‘as long as it takes’ [Video]. Youtube. https://www.youtube.com/watch?v=4FitzaWh1hA
  9. https://www.facebook.com/emzar.khvichia/posts/pfbid0LA9JFRFatLCwLC6WLYn8fykXwBeuaSYLJPmE4wXXnK8mDpHT3EpqM6taw389kCxAl Emzar Khvichia, 31 მაისი, 2021.
  10. https://for.ge/index.php/view/229467/ukrainaSi-mimdinare-konfliqti-da-saqarTvelo-nawili-pirveli.html უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და საქართველო (ნაწილი პირველი), ემზარ ხვიჩია, 28 აპრილი, 2022
  11. https://www.facebook.com/emzar.khvichia/posts/pfbid05NJHkhSzPAPaNK6d9MXAzh41QarFSpo5QURSTDHBNpRcHmySBYa6493Pp788expCl Emzar Khvichia, 23 თებერვალი, 2022
  12. საქართველოს პირველი არხი. ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული ინვესტიციების, დახმარების 90 პროცენტი აშშ-ში დაიხარჯა, რამაც ეკონომიკის ზრდა გამოიწვია, 23:09, 08.12.2023. (იხ. https://1tv.ge/news/entoni-blinkeni-ukrainistvis-gamoyofili-amerikuli-investiciebis-dakhmarebis-90-procenti-ashsh-shi-daikharja-ramac-ekonomikis-zrda-gamoiwvia/)
  13. https://www.facebook.com/emzar.khvichia/posts/pfbid0m99JjeiSLACzATDWgFAHepV7nudYZkU4EATPCNvrw27DgGx3gQpduNZDxLRCS8A9l Emzar Khvichia, 24 თებერვალი 2022. 
  14. Бжезинский Збигнев. Преждевременное партнёрство. 1994, (იხ. ბმული http://www.politnauka.org/library/mpimo/bzhezinsky.php)
  15. Office of Spokesperson. Responding to Two Years of Russia’s Full-Scale War On Ukraine and Navalny’s Death, February 23 2024. (იხ. ბმული https://www.state.gov/imposing-measures-in-response-to-navalnys-death-and-two-years-of-russias-full-scale-war-against-ukraine/
  16. Joe Biden & Volodimir Zelenskyy. Remarks by President Biden and President Zelenskyy of Ukraine in Joint Press Conference. December 12, 2023. (იხ. ბმული https://www.whitehouse.gov/briefing-room/speeches-remarks/2023/12/13/remarks-by-president-biden-and-president-zelenskyy-of-ukraine-in-joint-press-conference-2/)
  17. Kiel Institute of for the World Economy. Ukraine Support Tracker, Update August 06, 2024 (იხ. ბმული: https://www.ifw-kiel.de/topics/war-against-ukraine/ukraine-support-tracker/).
  18. Jonathan Masters & Will Merrow. How Much U.S. Aid Is Going to Ukraine? (იხ. ბმული: ttps://www.cfr.org/article/how-much-aid-has-us-sent-ukraine-here-are-six-charts )

 

კატეგორია

ავტორი

ოთარ ჭულუხაძე

გამოქვეყნების თარიღი

1 Jul, 2025

ორიგინალური ენა

ქართული

საფუძველზე

PDF

პუბლიკაციები სრულად

CIPRF

ქურთები ირანში

ქურთების საკითხი ერთ-ერთ რთულ და გადაუჭრელ პრობლემად ითვლება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მიუხედავად ...

ბუხუტი სიჭინავა
ახლო აღმოსავლეთი ირანი ისტორია პოლიტიკა რეგიონი ქურთები და ქურთისტანი
CIPRF

სახელმწიფოს ცნების ონტოლოგიური საფუძვლები

უკანასკნელ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა...

ირაკლი გაბელია
ისტორია პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები
CIPRF

პარტიული პოლიტიკის ფუნდამენტური პრობლემა საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლიდან 2020 წლამდე საქართველოში დაარსდა დაახლოებით 300 ...

ლაშა შამათავა
ისტორია კავკასია პოლიტიკა საქართველო
CIPRF

სამხრეთ კავკასია და გლობალური პოლიტიკა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებულმა გლობალიზაციის პროცესმა მთელი მსოფლიოს გაერთიანება გამოიწვია. ინ...

მადლენ პაპოშვილი
კავკასია პოლიტიკა რეგიონი საერთაშორისო ურთიერთობები

წიგნები სრულად