კვანტური რელატივისტური ნოოლოგიის მიხედვით, დაახლოებით 2026-2028 წლებში კაცობრიობის მასშტაბით დასრულდება მიმდინარე ეგეოსური ცივილიზაციის, ფორმის მანიის მეოთხე ცალფა ეფექტის ფაზა, რაც გამოიწვევს მზარდი ნაციონალიზმისა და კონსერვატიზმის, პოლიტიკური პოლარიზაციის, იზოლაციონიზმისა და პროტექციონიზმის ტენდენციების მკვეთრად შემცირებას და არსებული საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგის რადიკალურად გარდაქმნას.
წინამდებარე პროგნოზი ეფუძნება “ცივილიზაციურ ფაზათა ცვლის ნოოლოგიურ მოდელს”, რომელიც, თავის მხრივ, “კვანტური რელატივისტური ნოოლოგიის” (შემდეგ ნოოლოგია) ორიგინალური თეორიული აპარატითაა მიღებული. ეს თეორია ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთ უახლეს მიღწევას წარმოადგენს. ნოოლოგია, როგორც თეორიული სისტემა, ორ საწყისს, “ნოოსფერულ სტიქიათა თეორიასა” და “ციკლურ ლოგიკას” ეყრდნობა. ნოოსფერულ სტიქიათა თეორიის ნაწილში ემზარ ხვიჩია ავითარებს დიმიტრი უზნაძის “განწყობის თეორიას” და შემოაქვს პიროვნების, ერისა და ცივილიზაციის ახალი დაზუსტებული დეფინიციები. მისი გამოყენებით შესაძლებელი გახდა ცივილიზაციური ფაზებისა და ცივილიზაციური სისტემის განსაზღვრა, ისტორიული მოვლენების სისტემური აღწერა და მოვლენების სამომავლო განვითარების პროგნოზირება. ე. ხვიჩიას მიხედვით, თანამედროვე მსოფლიო საზოგადოება 1950-იანი წლებიდან წარმოადგენს ერთიან გლობალიზებულ მსოფლიო სისტემას, ანუ ცივილიზაციას; ის “ეგეოსური ცივილიზაციის” მემკვიდრედ წარმოგვიდგება. ავტორი განმარტავს, რომ 1948 წლიდან ცივილიზაციური ფაზა 20 წლიანი ხანგრძლივობით ხასიათდება. შესაბამისად, 2008 წელს დაწყებული “ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის” დასრულებას უნდა ველოდოთ დაახლოებით 2027 წლისთვის.
ცივილიზაციური ფაზების ხანგრძლივობა კაცობრიობის ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად შემოკლდა. ტექნოლოგიურ პროგრესში მოიაზრება ინფორმაციის დაგროვების, გადაცემის და დამუშავების სისწრაფე, რომელიც უხსოვარი დროიდან ევოლუცირებს. პირველყოფილ ცივილიზაციებში ნოოლოგიური ცივილიზაციური ფაზები საუკუნეები გრძელდებოდა (თავდაპირველად ფაზების ხანგრძლივობა 9 საუკუნე შეადგენდა), რაც პირდაპირ კავშირშია იმდროინდელი საზოგადოების ინფორმაციული და ტექნოლოგიური განვითარების დონესთან. ინფორმაციის დაგროვების და გადაცემის სიჩქარის ზრდამ ცივილიზაციურ ფაზათა ხანგრძლივობაც შეამოკლა. შედეგად, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ფაზების ხანგრძლივობა 20 წლამდეა შემცირებული.
ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა პირველი ცივილიზაციური ფაზაა, რომელიც კვანტური რელატივისტური ნოოლოგიით იქნა პროგნოზირებული. ეს თეორია მართვისა და ძლევის მანიის ფაზაში (1988-2008 წწ.) იქმნებოდა და ვითარდებოდა. ყოველ ცივილიზაციურ ფაზაში, ამ ცივილიზაციის შიგნით დომინანტური განწყობები ფაზის გავლენით ფორმირდება. მაგალითად, ფორმის მანიის ფაზაში აქტუალიზდება ამ ფაზის შესაბამისი განწყობები, როგორიცაა მზარდი ნაციონალიზმი და კონსერვატიზმი, სახელმწიფოებს შორის გაუცხოება, დაყოფა-ურთიერთდადგენა, პოლიტიკური პოლარიზაცია, იზოლაციონიზმი, პროტექციონიზმი და სხვ. ეს სიმპტომატიკა კი საგარეო პოლიტიკასა და შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება, რისი დამზერაც ყველაზე უკეთ საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი, სადაც ერი-სახელმწიფოები დღემდე მთავარ აქტორებად რჩებიან.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაზის სიმპტომატიკა წარმოგვიდგება, როგორც კონკრეტული ფაზის რეალიზაციები. მაგალითად, 2008 წლის აშშ-ს ფინანსური სექტორის, შემდგომ კი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ახალი ცივილიზაციური ფაზის დაწყების მთავარ მაიდენტიფიცირებელ მოვლენად მიიჩნევა. ფორმის მანიის ფაზის რეალიზაციად შეგვიძლია ჩავთვალოთ ევროპის სივრცეში არსებული დეზინტეგრაციული ტენდენციები, რომელიც “ბრექსიტით” დაგვირგვინდა. ფაზის გაღრმავებასთან ერთად ვიხილეთ მოვლენების ისეთი რადიკალური განვითარებები, როგორიცაა აშშ-ს შემობრუნება მკვეთრად იზოლაციონისტური საგარეო კურსისკენ, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დროს კულმინაციას მიაღწია. გარდა ამისა, ეკონომიკაში წარმოების სექტორის გაძლიერების ტენდენცია, ტარიფების ომი და საიმიგრაციო პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრება ცივილიზაციური ფაზის კერძო რეალიზაციებს წარმოადგენს.
ფორმის მანიის ფაზაში, ფორმის მანიის ნოოტიპის ერების მიერ ცივილიზაციურ პროცესებში ინიციატივის ხელში აღება და სხვადასხვა სფეროში დაწინაურება იყო მოსალოდნელი. ეს პროგნოზი ავტორმა 2004 წელს გამოცემულ წიგნში “ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია” გააკეთა. დღეის მდგომარეობით ეს პროგნოზი გამართლებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ.