წინა სტატია
1 Jul, 2025
სინდრომები ნოოლოგიაში
შემდეგი სტატია

სინდრომები ნოოლოგიაში

კაცობრიობის კოლექტიური გონითი განვითარების საფეხურებს შორის დინამიკის სახეები და მისი სირთულეები
სინდრომები ნოოლოგიაში

ძირითადი ინფორმაცია

სინდრომები კვანტური რელატივისტური ნოოლოგიის მნიშვნელოვანი სტრუქტურული შემადგენელი ნაწილია, რომელიც ასახავს ნოოფილოგენეზის (კაცობრიობის კოლექტიური გონითი განვითარების) საფეხურებს შორის დინამიკის სახეებს და ამ დინამიკისას გამოვლენილ სირთულეებს

სინდრომები ნოოლოგიის მნიშვნელოვანი სტრუქტურული შემადგენელი ნაწილია. ის ასახავს ნოოფილოგენეზის (კაცობრიობის კოლექტიური გონითი განვითარების) საფეხურებს შორის დინამიკის სახეებს და ამ დინამიკისას გამოვლენილ სირთულეებს, მაგალითად, იმას, რომ: „ძველს  არ უნდა წასვლა“, „გამოიკვეთება პროგრესული ფენა საზოგადოებისა“, „ხდება წინა საფეხურის ასპექტების კონსტრუქციული ასიმილაცია ახალ საფეხურებზე“; „სინდრომები“ კვანტურ-რელატივისტურ ნოოლოგიას, როგორც თეორიას, გარკვეულ დონეზე იცავენ  მეტაფიზიკური „გაქვავებულობისგან“ და ერთგვარ ისტორიულ დინამიზმს და დიალექტიკურობის შედარებით მაღალ ხარისხს სძენენ მას;

 

სინდრომებია:

(ა) თეტიდას სინდრომი – „თეტიდას სინდრომია“ საფეხურის „შიგნით“ ერის ზრდასრული თაობების მიერ შესაბამისი საფეხურის შინაარსების შემუშავება –შემდეგი, და უკეთესი, თაობის აღზრდის მიზნით;  ქართული გამონათქვამი – „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“ „თედიტას სინდრომის“ ერთი პატარა გამოვლინებაა;   ავტორი შეგვახსენებს (გვ.41, აბზ.1): „თეტიდას შვილი თავის მამაზე აღმატებული იქნება აუცილებლად; თეტიდა ანთროპომორფული პელევსისგან შობს ანთროპომორფულ შვილს, აქილევსს“;

(ბ) კრონოსის სინდრომი – „კრონოსის სინდრომია“, როდესაც ახალი (საფეხური) ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ „წელში გამართული“; ამ დროს არ არის ცხადი, თუ რომელმა ინსტიტუციებმა უნდა ჩაანაცვლონ წინა საფეხურის ის ინსტიტუტები თუ პრაქტიკები, რომელთაც სიმყარე კი დაუკარგავთ, მაგრამ „მრავალსაუკუნოვანობაზე“ აპელირება ჯერაც ძალუძთ. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დესტრუქციულ „დაბლოკვასთან“ ახლისა.  ავტორი აქაც შეგვახსენებს, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, მითოლოგიას: „კრონოსი ყლაპავს თავის ანთროპომორფულ ნაშიერებს, არ უთმობს მათ საარსებო სივრცეს“ (გვ.41, აბზ.2). აქვე ხვიჩია ხაზს უსვამს კრონოსის ტოტემისტურ განსახიერებას – მეწყერს, რომელსაც შეუძლია მოცელოს ხეები და „ფატალური“ აღმოჩნდეს ანთროპომორფული არსებებისთვის;

(გ) კენტავრის სინდრომი – „კენტავრის სინდრომია“, როდესაც ნოოფილოგენეზის საფეხურის ამოწურვის შემდეგ, ერის მოწინავე ნაწილს უჩნდება შემდგომი საფეხურის იდეები (მაგ., განმანათლებლებს). კენტავრი მოყვანილია იმიტომ, რომ მას აქვს ანთროპომორფული წინა ნაწილი და ზოომორფული უკანა ნაწილი – ეს კი, ხვიჩიას მიხედვით (გვ.41, აბზ.3), განასახიერებს ტოტემიზმის საფეხურიდან მითოსის საფეხურისკენ მისწრაფებას. „კენტავრის სინდრომი“ მოიცავს გარდამავალი ნოოფილოგენეზური ეტაპის კონსტრუქციული დასრულების შესაძლებლობას (და არა აუცილებლობას);

(დ) პრომეთეს სინდრომი – ახალი საფეხურის სტაბილიზაციის შემდეგ წინა საფეხურების კონსტრუქციული მნიშვნელობის წარმოჩინება – ეს არის „პრომეთეს სინდრომი“; პრომეთე მხოლოდ მითოსურ (ანთროპომორფულ) მოდუსში ავლენს თავს და არ ებრძვის ტოტემურ კულტებთან ასოცირებად არსებებს, ერთ-ერთი მათგანი (ძაღლი/ტახი) თავდადებულ შემწედაც კი ევლინება (გვ.45, აბზ.4);

(ე) ოლიმპოს სინდრომი – გარდამავალ ეტაპთან დაკავშირებული კონფლიქტი, – გვეუბნება ხვიჩია (გვ.42, აბზ.1) – ნოოსფეროს ფუნდამენტური გარდაქმნაა, ანთროპომორფული ღმერთები ეუფლებიან სამყაროს, ახლებურად ინაწილებენ და აწესრიგებენ მას;

(ვ) ჰერაკლეს სინდრომი – „ჰერაკლეს სინდრომია“, როდესაც წინა საფეხურის ინსტიტუტებს ნამეტნავად ერჩი – ისე, რომ ნოოონტოგენეზში მის წარმოდგენილობას საფრთხეს უქმნი; გავიხსენოთ, რომ ხვიჩიას თეორიით, ინდივიდმა ნოოონტოგენეზში უნდა გაიაროს (აღზრდისას, 20 წლამდე) ნოოფილოგენეზის ოთხივე საფეხური; მაგალითი მითოლოგიიდან (გვ.42, აბზ.2): ტოტემისტურ კულტთა დამამხობელს, ჰერაკლეს სიშმაგე გადასძალავს – კლავს თავის მასწავლებელს და ხოცავს საკუთარი ოჯახის წევრებს, შემდეგ კი უნებლიედ მოურჩენელ ზიანს აყენებს თავის მეგობარ კენტავრებს – ფოლოსსა და ქირონს;

(ზ) პასიფაეს სინდრომი – წინა საფეხურის მეტისმეტად მოოხრებული „მომენტების“ რესტავრაციას, წინა საფეხურის დანაკლისის შევსების მისწრაფებას ავტორი უწოდებს „პასიფაეს სინდრომს“.  კრეტის დედოფალ პასიფაეს დაუოკებელი ვნება აღეძვრება არა-ანთროპომორფული არსების, კრეტის ხარის მიმართ (გვ.42, აბზ.3);

(თ) მინოტავრის სინდრომი – „მინოტავრის სინდრომია“, როდესაც წინა საფეხურისკენ უკუქცევა დესტრუქციულ პროცესად იქცევა და ემუქრება ახალი საფეხურის ფენომენებს;  მინოტავრი, რომელიც არის ზემოხსენებული პასიფაეს და კრეტის ხარის „ნაჯვარი“, სხეულის აღნაგობით საპირისპიროა კენტავრისა – ტანით ადამიანია, სახით კი ცხოველი. ის განასახიერებს მითოსის საფეხურიდან ტოტემიზმის საფეხურისკენ მისწრაფებას; მინოტავრს მსხვერპლად სწირავენ ადამიანებს, რომელთაც ის თავად ხოცავს ლაბირინთში (გვ.42, აბზ.4);

(ი) მინოსის სინდრომი – ზემოხსენებული „მინოტავრის სინდრომი“ გვევლინება „მინოსის სინდრომის“ ერთგვარ კონკრეტულ გამოვლინებად (ყოველ შემთხვევაში, სემინარის მონაწილეებმა ასე დავასკვენით). რადგან ერის ნოოფილოგენეზური გზა არაა ცალსახა, შესაბამისად, წარმოიშობა ერის თვითიდენტიფიკაციის პრობლემები, რომელიც ნოოფილოგენეზის შეფერხებას იწვევს; სწორედ მინოსის ბრძანებით აიგო მინოტავრის საუფლო ლაბირინთი (გვ.43, აბზ.1);

(კ) არიადნეს სინდრომი – „არიადნეს სინდრომია“ მინოსის ლაბირინთებში გზის გაკვალვა, ე.ი. ნოოფილოგენეტური თვითიდენტიფიკაციის ხაზის რეკონსტრუქცია; ეს არის ერის რეკონსტრუქციული თვითგამორკვევის „სინდრომი“; არიადნემ მისცა ის სატევარი თეზევსს, რომლითაც ამ უკანასკნელმა მინოტავრი მოჰკლა (გვ.44, აბზ.0);

(ლ) დედალოსის სინდრომი—იკაროსის სინდრომი – „მინოსის სინდრომის“ დაძლევის სხვა გზაა მოვლენათა სივრცის ახალი განზომილების გამოყენება – „დედალოსის სინდრომი“. ამას კი ახლავს ერის ნოოტიპური ტრანსფორმაციის შეუქცევად ტენდენციად სტაბილიზაციის საფრთხე – „იკაროსის სინდრომი“ (გვ.44, აბზ.1);   იკაროსი ვერ იცავს მამის მიერ მითითებულ პირობას, ფრენისას სულ უფრო და უფრო შორდება მამას და მიწას (საწყის თვისობრიობას); დედალოსი კარგავს მემკვიდრეს; ანუ ამ ორი „სინდრომის“ წყვილი არის თვითიდენტიფიკაცია ისეთი გაფართოებით, რომელიც „ფესვებს გვაშორებს“ (გვიქვემდებარებს ნოოფილოგენეზურ ტრანსფორმაციას);

(მ) ოიდიპოსის სინდრომი – „ოიდიპოსის სინდრომი“ ერის ნოოტიპური ტრანსფორმაციის პროცესისას ორი ნოოტიპის ჯახის გამომხატველია; ოიდიპოსი, როგორც საზოგადოების ახალი ნოოტიპის ერად ტრანსფორმაციის ტენდენციის განმასახიერებელი, კლავს მამას და ეუფლება დედას (გვ.44, აბზ.2). ეს ხდება მანამ, სანამ გაირკვევა მისი ქვეყნის ბედი; ნოოტიპური ტრანსფორმაციის მტკივნეულობას, წარსულთან მემკვიდრეობითი კავშირის გაწყვეტაა – ეს არის წინა ნოოტიპური მდგომარეობის ბრმა უარყოფა (ამას განასახიერებს ოიდიპოსის სიბრმავე); ანუ „ოიდიპოსის სინდრომი“ არის წარსული უარყოფა „პოზიტიური ალტერნატივის“ გარეშე. ავტორი მიჯნავს ოიდიპოსის სინდრომს ფროიდისეული „ოიდიპოსის კომპლექსისგან“, რომელიც, მისი თქმით (გვ.44, აბზ.2), ფორმის მანიის კლასის ერებში თაობათა კონფლიქტის სიმბოლოდ შეიძლება მივიჩნიოთ;

(ნ) თესევსის სინდრომი – „თესევსის სინდრომია“ საზოგადოების წარმატებული ნოოტიპური ტრანსფორმაცია; სწორედ თესევსმა მოუღო ბოლო ოიდიპოსის ხეტიალს, რომელმაც, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ათენში მისცა საბოლოო თავშესაფარი ოიდიპოსს. ხვიჩიას თქმით (გვ.44, აბზ.2), სწორედ ათენი გახდა ძველ-ელინური ეთნო-კონგლომერატის ცხრომის მანიის კლასის ერად კონსოლიდაცია-სტაბილიზაციის ეპიცენტრი.

(ო) სფინქსის სინდრომი – „სფინქსის სინდრომია“, როდესაც ნოოტიპური ტრანსფორმაცია შეიძლება (!) გაჩნდეს ნოოფილოგენეზის ახალ საფეხურზე გადასვლის პროცესში. ის შეიძლება იყოს „კენტავრის სინდრომის“ თანადროულიც.   ოიდიპოსის გამეფება სფინქსის ინიცირებული იყო. სფინქსსაც კენტავრისებრი აღნაგობა აქვს სხეულისა – ზოომორფული ტანი (ლომის) და ანთროპომორფული (ადამიანის) თავი; ისიც ნოოფილოგენეზურ წინსვლას გამოხატავს (გვ.44, აბზ.3);

(პ) ჰორის სინდრომი – „ჰორის სინდრომია“, როდესაც წინა საფეხურის მემკვიდრეობას ახლებურ ინტერპრეტაციას ახდენ (აუცილებლობის გამო) და ეს არის კონსტრუქციული მნიშვნელობის; ამის მაგალითი, შეიძლება (!) იყოს სტალინის (მეოთხე საფეხურის პოლიტიკოსის) მიერ ეპისკოპოსთა თვითმფრინავების გამოფრინება შორეული აღმოსავლეთიდან (გადასახლებიდან) მეორე მსოფლიო ომის დროს (რადგან ამის აუცილებლობა იყო); აღნაგობით ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურიდან პირველისკენ უკუქცევის განმასახიერებელი თავად დიდი ცვლილების გადატანის ფასად (ცალი თვალის დათმობით), ახალი სტატუსით აღადგენს ოსირისს, ანთროპომორფულ ღმერთს (გვ.45, აბზ.0);

(ჟ) გორგონა მედუზას სინდრომი – „გორგონა მედუზას სინდრომი“ არის რეგრესის შიშით პროგრესზე უარის თქმა და შედეგად ნოოფილოგენეზური სტაგნაციის მიღება;  გორგონა მედუზა ნებისმიერ თვითმოძრავი არსების გაქვავების უნარით ხასიათდება; მისი თავი ტოტემური და მითოსური ელემენტები უვექტორო კომპოზიციაა (გვ.45, აბზ.1). „უვექტორობაში“ იგულისხმება ის, რომ „გორგონა მედუზას“ თავი ანთროპომორფულია (ქალისაა), თუმცა მისი თავი გველებისგანაც „შედგება“;

(რ) პერსევსის სინდრომი – „პერსევსის სინდრომია“ ნოოფილოგენეტური სტაგნაციის დაძლევა;   პერსევსი კლავს მედუზას; მედუზას სიკვდილის შემდეგ მისი სხეულიდან გამოდის პეგასი – მოძრაობა-განვითარების ინტენსიფიკაციის სიმბოლო;

(ს) ზევსის სინდრომი – „ზევსის სინდრომია“ ერის უნარი ნოოფილოგენეზის ნებისმიერი წინა საფეხურის მოდუსით გამოავლინოს თავი. ეს კი აუცილებელია, რათა წინა საფეხურის დანაკარგებიც აღიდგინოს; ანთროპომორფული ზევსი, სტატუსის შეუცვლელად, სიძნელეთა პირისპირ ავლენს თავს ტოტემისტური ფენომენების (საავდრო ღრუბელი, მეხი, გედი და სხვა) სახით (გვ.45, აბზ.3);

კატეგორია

ავტორი

ოთარ ჭულუხაძე

გამოქვეყნების თარიღი

1 Jul, 2025

ორიგინალური ენა

ქართული

საფუძველზე

PDF

პუბლიკაციები სრულად

CIPRF

ქურთები ირანში

ქურთების საკითხი ერთ-ერთ რთულ და გადაუჭრელ პრობლემად ითვლება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მიუხედავად ...

ბუხუტი სიჭინავა
ახლო აღმოსავლეთი ირანი ისტორია პოლიტიკა რეგიონი ქურთები და ქურთისტანი
CIPRF

სახელმწიფოს ცნების ონტოლოგიური საფუძვლები

უკანასკნელ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა...

ირაკლი გაბელია
ისტორია პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები
CIPRF

პარტიული პოლიტიკის ფუნდამენტური პრობლემა საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლიდან 2020 წლამდე საქართველოში დაარსდა დაახლოებით 300 ...

ლაშა შამათავა
ისტორია კავკასია პოლიტიკა საქართველო
CIPRF

სამხრეთ კავკასია და გლობალური პოლიტიკა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებულმა გლობალიზაციის პროცესმა მთელი მსოფლიოს გაერთიანება გამოიწვია. ინ...

მადლენ პაპოშვილი
კავკასია პოლიტიკა რეგიონი საერთაშორისო ურთიერთობები

წიგნები სრულად