წინა სტატია
1 Jul, 2025
ნოოლოგიის არსისთვის

ნოოლოგიის არსისთვის

ნოოლოგია: ქართველი მეცნიერის, ემზარ ხვიჩიას მიერ განვითარებული ინტერდისციპლინური სამეცნიერო დარგი.
ნოოლოგიის არსისთვის

ძირითადი ინფორმაცია

ნაშრომი წარმოადგენს შესავალს კვანტურ რელატივისტურ ნოოლოგიაში, ინტერდისციპლინურ სამეცნიერო დარგში, რომელიც ქართველმა მეცნიერმა, ემზარ ხვიჩიამ მეოცე საუკუნის ბოლოს შექმნა. ნოოლოგიის ორი ძირითადი საწყისია "ნოოსფერულ სტიქიათა თეორია" და "ციკლური ლოგიკა". სტატია განმარტავს "განწყობის" ცნებას დიმიტრი უზნაძის თეორიაზე დაყრდნობით და მოქმედების ოთხ ასპექტს აღწერს : ფორმას, ძლევას, ცხრომასა და მართვას. ტექსტში განხილულია "გადაგვარებიბის მოხსნა" ნოოლოგიაში და პიროვნების ოთხი ტიპი ("მანია"). დოკუმენტი ასევე განიხილავს "ციკლური ლოგიკის" საშუალებით ცივილიზაციათა არსებობისა და მდგომარეობის ცვლის კანონზომიერებებს.

ნოოლოგიის ორი ძირითადი საწყისია “ნოოსფერულ სტიქიათა თეორია” და “ციკლური ლოგიკა”, რომელთაგან პირველი დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითარებას წარმოადგენს, მეორე კი ხვიჩიას შექმნილი ორიგინალური ლოგიკური აპარატია. ამდენად, ნოოლოგიას თამამად შეიძლება ეწოდოს ქართული სამეცნიერო სკოლის პროდუქტი. 

ნოოსფერულ სტიქიათა თეორიის განვითარების საშუალება ავტორს “განწყობის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის” აღმოჩენამ მისცა. უზნაძე, განმეორებითი ექსპერიმენტების საფუძველზე მიდის დასკვნამდე, რომ ც ოცხალ ორგანიზმში, ცნობიერი პროცესების გარდა, არასებობს რაღაც, რაც ცნობიერი არაა, თუმცა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასზე. ამ ფენომენს უზნაძე განწყობას უწოდებს და აცხადებს, რომ განწყობა ყველა აღქმას თან სდევს - სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ არსებობს ორგანიზმის არანაირი აღქმა და ქმედება, რომელსაც შესაბამისი განწყობა არ სდევს თან (1). ემზარ ხვიჩიას მთავარი სიახლ გახდა განწყობის ისეთი მოუცილებადი კომპონენტის აღმოჩენა, რომელიც ნებისმიერი ორგანიზმის ნებისმიერი მოქმედებისას ინარჩუნებს აქტუალობას. 

ნებისმიერი მოქმედება, იმისათვის, რომ იგი ლოგიკურად დასრულებული იყოს, საჭიროებს ოთხი ასპექტის რეალიზაციას:

  1. ფორმის ასპექტი - რაც განსაზღვრავს იმას, თუ რა ფორმით ხორციელდება მოქმედება. ყოველ მოქმედებას გააჩნია მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ფორმა. ყოველი სუბიექტი გარკვეული ფორმით მიემართება ობიექტს.
  2. ძლევის ასპექტი -  ყოველ მოქმედებას ახლავს მისი განვითარების ხელშემშლელი გარკვეული წინააღმდეგობის დაძლევა. მოქმედების ძლევის ასპექტის დროს ობიექტზე მოქმედება უშუალოდ იკვეთება, მარტივად ხილვადი და იდენტიფიცირებადია, რადგან სუბიექტი ამ დროს ცვლის ობიექტის ფიზიკურ მდგომარეობას.
  3. ცხრომის ასპექტი - ნებისმიერი მოქმედების დასასრულს აქტუალიზდება რელაქსაციის, იგივე დაცხრომის ასპექტი, რაც სამოქმედოდ მიმართული ძალისხმევის შეჩერებას, მოხსნას გულისხმობს. მოქმედების დასრულება მოქმედების დაუსრულებელ, არარეალიზებულ ნაწილთა იდენტიფიცირებასაც იწვევა, რაც ლოგიკურად იწვევს შემდგომი, მართვის ასპექტის აქტუალიზებას.
  4. მართვის ასპექტი - ნებისმიერ მოქმედებას ახასიათებს სამოქმედო საშუალებათა მომარჯვება, ანუ მართვის ასპექტი. სამოქმედო საშუალებები შეიძლება იყოს, როგორც სუბიექტის სხეული, ასევე - გარემოში არსებული ნებისმიერი სახის ობიექტი, რომელსაც შეუძლია სუბიექტის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. 

სწორედ დასახელებული ოთხეული წარმოადგენს განწყობის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობებს. უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებულ 4 ასპექტს შორის ციკლური ურთიერთკავშირია - თითოეული მათგანი ლოგიკურად იწვევს ციკლურ რიგში მისი მომდევნო ელემენტის აქტუალიზებას (2). თეორიის ოპონენტებმა არაერთხელ სცადეს აღნიშნული ოთხეულის არასრულობის ან სიჭარბის (მოქმედების რაიმე ასპექტის დანაკლისის ან მეტობის) ჩვენება, თუმცა უშედეგოდ.

ჩვენთვის ცნობილი ყველა სხვა ცოცხალი არსებისთვის, გარდა ადამიანისა, ნებისმიერი მოქმედება დასახელებული ოთხი ასპექტის თანაბარ-აქტუალური გამოვლინებით ხასიათდება. ადამიანი, როგორც ხვიჩია კაცობრიობის ისტორიის ანალიზით ადგენს, დაექვემდებარა და აღზრდის წყალობით დღემდე ექვემდებარება განსაკუთრებულ, “რევოლუციური” ხასიათის ფსიქიკურ პროცესს, რომლის შედეგადაც იგი “ფიქსირებულია” განწყობის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობათაგან ერთ-ერთზე, დანარჩენ სამს კი გარემო ფაქტორად მიიჩნევს. 

აღნიშნულ პროცესს, განწყობის მოუცილებადი მომენტის ერთ-ერთ მნიშვნელობაზე ფიქსაციისა, ხვიჩია “ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნას” უწოდებს. გადაგვარებულობის მოხსნის შედეგად, ადამიანი ფაქტობრივად სცდება ბიოსფეროს ფარგლებს და მასთან ერთად ნოოსფეროში (ბიოსფეროს ანალოგური ტერმინი) განაგრძობს არსებობას. ასეთია პიროვნების ნოოლოგიური განსაზღვრება - პიროვნებას გვაძლევს ბიოლოგიური ინდივიდისთვის ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნა. ვინაიდან გადაგვარებულობის მოხსნისას ინდივიდის განწყობა შესაძლოა დაფიქსირდეს ოთხიდან ერთ-ერთ ასპექტზე, შესაძლებელია არსებობდეს ოთხი ტიპის პიროვნება - ფორმის მანიის, ძლევის მანიის, ცხრომის მანიის და მართვის მანიის. სიტყვა “მანია” ამ სახელწოდებებში აღწერილი ასპექტების ადამიანის ფსიქიკისთვის დომინანტურ ფაქტორად არსებობაზე მიუთითებს. ხვიჩია წერს: “კატეგორია “პიროვნება”, ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით, აღნიშნავს ცოცხალ ბუნებაში ადამიანის გამომრჩეველ მახასიათებელს, რომელიც ფსიქიკურ ფაქტორად იდენტიფიცირდება. კერძოდ, განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებად მომენტს ოთხი განსხვავებული მნიშვნელობის მიღება შეუძლია, რაც ოთხი “ფსიქიკური სტიქიის” - ოთხი დომინანტური ფსიქიკური ფაქტორის - “ფორმის მანია”, “ძლევის მანია”, “ცხრომის მანია” და “მართვის მანია” - არსებობაში გამოიხატება; ადამიანის გარდა, ნებისმიერი ცოცხალი ინდივიდის სახით წარმოდგენილ სუბიექტის განწყობის შინაარსში ფსიქიკური სტიქიები ციკლური რიგის მიხედვით უწყვეტად ენაცვლებიან ერთიმეორეს; განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მის ერთ-ერთ შესაძლო მნიშვნელობაზე ფიქსირებულობა, რასაც “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარების მოხსნას” ვუწოდებთ, მხოლოდ ადამიანის შემთხვევაშია განხორციელებული”(2). 

როგორც აღინიშნა, ყველა სხვა მაღალგანვითარებულ ცოცხალ ორგანიზმში ქცევის ასპექტების მიმართ არის ინდიფერენტული დამოკიდებულება. სხვა სიტყვებით, ცოცხალი ორგანიზმის უუნარობა, გაიაზროს თავისი არსებობა მომდინარეობს იმ ფაქტორიდან, რომ მოქმედების ასპექტებიდან ვერცერთზე ვერ ხერხდება განწყობის ფიქსაცია და მოქმედებები ციკლურად, უსასრულოდ მიმდინარეობას. ადამიანის შემთხვევაში კი ვაწყდებით მოქმედების ერთ კონკრეტულ ასპექტზე ფიქსაციას, რაც მას აძლევს საშუალებას მოახდინოს მოქმედების პროცესში თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაცია. მოქმედების ერთ-ერთ ასპექტზე შეჩერება, რაც განწყობაში აისახება, განაპირობებს იმას, რომ ერთ კონკრეტულ ფსიქოტიპად ჩამოყალიბებული ინდივიდი განიცდის გარკვეულ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს, როდესაც მას დანარჩენი სამი ასპექტის რეალიზაცია უწევს. ასეთ დროს მას უწევს თავისი ნოოტიპისთის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური კომფორტის ზონიდან გასვლა. დისკომფორტის და გაუცხოების განცდას ცხოველის მოქმედებაში ვერ ვხედავთ, რადგან არცერთ სხვა ცოცხალ ორგანიზმში არ გვხდება გადაგვარების მოხსნა, შესაბამისად, ადამიანის გარდა სხვა ცოცხალი ორგანიზმი ყოველი მოქმედების შესრულებისას მისი კომფორტის ზონიდან არ გადის.

აღნიშნული დისკომფორტის შემცირებას გადაგვარებამოხსნილი ინდივიდები (პიროვნებები, ნოოლოგიის ტერმინოლოგიით - ნოოიდები) თავისი მსგავსი ნოოტიპის სხვა ინდივიდებთან გაერთიანებასა და მათთან ერთად ცხოვრებაში ახერხებენ. სწორედ გადაგვარების მოხსნის შედეგად გაჩენილი დისკომფორტია ადამიანის ურბანიზაციისკენ მისწრაფების ნოოლოგიური ახსნა. ერთი და იმავე ნოოტიპის პიროვნებათა ისტორიულ საზოგადოებრივ ერთობას (იგივეა, რაც განწყობის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის ერთსა და იმავე ასპექტზე ფიქსირებული პიროვნებათა ერთობა) ხვიჩია უწოდებს ერს. ნოოლოგიის ტერმინოლოგიით, ერი იგივეა, რაც ნოოსი. ვინაიდან, როგორც უკვე ითქვა, არსებობის ოთხი ტიპის (ნოოტიპის) პიროვნება, მათი ერთობებიც გვაძლევს ოთხი ტიპის ერებს (ნოოსებს).

ერის წევრად ყოფნა ნოოიდს უმსუბუქებს გარემოსთან ურთიერთქმედებაში წარმოქმნილი დისკომფორტის განცდას, ვინაიდან იგი მისი მსგავსი პიროვნებების გარემოცვაშია, თუმცა, რადგან კონკრეტული ერი ასევე კონკრეტული ნოოსფერული სტიქიის რეალიზაციაა (ფორმის, ძლევის, ცხრომის ან მართვის ნოოსფერული სტიქიის), მისი ურთიერთობა გარემოსთან ასევე შეიცავს დისკომფორტის გამომწვევ მომენტს. ამ დისკომფორტის დაძლევა და გარესამყაროსთან სრულად ადეკვატური მიმართების დამყარება შესაძლებელი ხდება უფრო დიდი სოციალური ერთეულის - ცივილიზაციის (ნოოლოგიის ტერმინოლოგიით - ნოოცენოზი) ფარგლებში. 

ცივილიზაცია, რომელსაც ნოოლოგიაში, ბიოცენოზის ანალოგიით ნოოცენოზი ეწოდება, წარმოადგენს ოთხივე ნოოტიპის ერებით წარმოდგენილ ერთიან, თვითორგანიზებად, თვითკმარ საზოგადოებრივ ერთობას. რამდენადაც ცივილიზაციაში ოთხივე ნოოტიპის ერია, მას აქვს ლოგიკურად დასრულებული მოქმედების რეალიზაციისთვის საჭირო ოთხივე მოქმედების ასპექტის აქტუალიზების შესაძლებლობა. 

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ინდივიდის დონეზე საკმაოდ რთულია დავაკვირდეთ მათ შორის განსხვავებებს და ამაზე დაყრდნობით დავადგინოთ, თუ რომელი ასპექტის აქტუალიზაციას განიცდის, რადგან ნებისმიერი მოქმედება მოქმედების ოთხივე ასპექტს შეიცავს. ამიტომ, ინდივიდის დონეზე განწყობის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის ეფექტის დასაკვირვებლად განუსაზღვრელი დრო შეიძლება დაგვჭირდეს, თუმცა ერთი ინდივიდის საკმარისად ხანგრძლივი მოქმედების აქტის შემაჯამებელი შედეგი მხოლოდ ნოოსფერული სტიქიებით არის განსაზღვრული. საზოგადოდ, ნოოსფერულ სტიქიათა ეფექტის დამზერა უფრო მარტივია ერთობლივად მოქმედი ჯგუფის მაგალითზე - ინდივიდთა საკმარისად მრავალრიცხვოვანი ჯგუფის (მრავლობითი სუბიექტის) ნებისმიერი ხანგრძლივობის ერთობლივად მოქმედების შემაჯამებელი შედეგი ასევე ნოოსფერული სტიქიებითაა განსაზღვრული (3).

ყოველივე ზემოთქმულის შესაჯამებლად შეიძლება ითქვას - ადამიანის ნოოსფეროს ნაწილად გახდომამდე ანუ მისი ცხოველური ყოფიდან ამოვარდნამდე, მის ქცევაში მოქმედების ოთხივე ასპექტი თანაბრად ვლინდებოდა. ნოოიდად შედგომის (პიროვნებად ჩამოყალიბების) მომენტიდან მის განწყობაში მოქმედების ერთ-ერთი ასპექტი დომინირებს, მაგრამ მისი, როგორც სახეობის, გარე სამყაროსთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის საჭიროა ოთხივე ასპექტის არსებობა და შესაბამისად, იგი დისკომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამ დისკომფორტის დაძლევის საშუალებას იძლევა ერზე უფრო დიდი ერთობები, ცივილიზაციები, რომლებიც ოთხივე ნოოტიპის ერებს აერთიანებენ. სწორედ ცივილიზაციების ფორმირებით ახერხებს ადამიანთა ჯგუფი ადეკვატურ რეაგირებას გარემომცველ სამყაროზე, რადგანაც ის შეიცავს ოთხივე ელემენტს და შესაბამისად სისტემა, როგორც მთელი, ობიექტურ რეალობაზე ადეკვატურად მოქმედებს. 

ნოოლოგიის მეორე საწყისის, “ციკლური ლოგიკის” საშუალებით და ისტორიულ პროცესთა ანალიზით  ემზარ ხვიჩია ადგენს ცივილიზაციათა არსებობისა და მდგომარეობის ცვლის კანონზომიერებებს, რომლებიც აქამდე უცნობი იყო. აკადემიურ სივრცეში არსებობდა აზრები ისტორიულ პროცესთა ციკლურობისა თუ განმეორებადობის შესახებ, ისე როგორც ისტორიის სწორხაზოვნად პროგრესისკენ მიმართულობის შესახებ, თუმცა, ხვიჩია პირველია, ვინც ისტორიული პროცესის და მისი მთავარი აქტორების (ნოოსი და ნოოცენოზი - ერი და ცივილიზაცია) მეცნიერულ დეფინიციასა და კანონზომიერებების დადგენას ახერხებს. 

ციკლური ლოგიკის მიხედვითაც არსებობს ერთმაგი და ორმაგი ეფექტის ცივილიზაციური ფაზები. ფაზაში იგულისხმება მოცემულ მომენტში ცივილიზაციაში არსებული დომინანტური განწყობა, რომელსაც ძირითად შემთხვევაში ცივილიზაციის შიგნით ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო ან სახელმწიფოები ქმნიან. ამ შემთხვევაში განწყობა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ინფორმაციული ნაკადი, რომელსაც ცივილიზაციის შიგნით ჰეგემონობა და მის შინაარსში არსებული პარადიგმის გაფართოება სურს. ამ დროს დანარჩენი სამი ნოოტიპის ქვეყანა თავდაცვის რეჟიმში გადადის და მისი ფსიქოტიპისთვის შეუფერებელი პარადიგმის იძულებით თავსმოხვევას პირდაპირ თუ ირიბად ეწინააღმდეგება. ცივილიზაციაში განწყობის/ფაზის ინტენსივობა დამოკიდებულია მოცემული მომენტისთვის გაბატონებული პარადიგმის სიძლიერეზე, რაც არ უნდა, ერთი შეხედვით, სრული და ჩამოყალიბებული პარადიგმა იყოს შემოთავაზებული, ის მაინც მიუღებელი და დისკომფორტულია სხვა ფსიქოტიპებისთვის.

ციკლური ლოგიკის მიხედვით და გარკვეული ისტორიული მოცემულობებიდან გამომდინარე - როგორიცაა ომებთან და ვაჭრობასთან ერთად ინფორმაციული ნაკადების აქსელერაცია - ცივილიზაციური ფაზების ხანგრძლივობა იკლებს ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის მატების პროპორციულად. თუ ადრე ცივილიზაციური ფაზები 1000 წლამდე გრძელდებოდა, დღესდღეობით მათი ხანგრძლივობა 20 წლამდეა შემცირებული. მე-20 საუკუნის ტრაგედიები და 21-ე საუკუნის პათოლოგიები მნიშვნელოვანწილად ფაზათა ცვლით და რომელიმე კონკრეტული პარადიგმის უნივერსალიზაციის მცდელობით იყო განპირობებული. დომინანტურ პარადიგმა რომელიმე კონკრეტული ცივილიზაციური ფაზის დროს, რომელიც გავლენას ახდენს სხვა აქტორებზე, მისი ფსიქოტიპისთვის ორგანული პარადიგმა მიაჩნია საყოველთაო და უნივერსალური, ამიტომ ის მონომოდალიზმის საზღვრებს ვერ აღწევს თავს. ნოოლოგიით აშკარა ხდება, რომ ყოველი გაბატონებული პარადიგმა იქმნება კონკრეტული ერი-სახელმწიფოს გაძლიერების ფონზე, შესაბამისად, იგი ორგანულია მხოლოდ ერთი ნოოტიპისთივს და მისი უნივერსალიზაციის მცდელობა ითარგმნება, როგორც მონომოდალისტური პროექტის თავსმოხვევა საერთაშორისო ურთიერთობების სხვა აქტორებზე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. უზნაძე, დიმიტრი. განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები. თბილისო: გამომც. საქართველოს მაცნე, 2009.
  2. ხვიჩია, ემზარ. ნოოლოგია: თვითკმარი არსებობის ლოგიკა. საზოგადოების თვითორგანიზაციისა და მდგომარეობის ცვლის კანონები. თბილისი: გამომც. ახალი პარადიგმა, 2020.
  3. ხვიჩია, ემზარ. ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია. თბილისი: გამომც. ნეკერი, 2004. 

კატეგორია

ავტორი

ვლადიმერ ხურციძე

გამოქვეყნების თარიღი

1 Jul, 2025

ორიგინალური ენა

ქართული

საფუძველზე

PDF

პუბლიკაციები სრულად

CIPRF

ქურთები ირანში

ქურთების საკითხი ერთ-ერთ რთულ და გადაუჭრელ პრობლემად ითვლება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მიუხედავად ...

ბუხუტი სიჭინავა
ახლო აღმოსავლეთი ირანი ისტორია პოლიტიკა რეგიონი ქურთები და ქურთისტანი
CIPRF

სახელმწიფოს ცნების ონტოლოგიური საფუძვლები

უკანასკნელ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა...

ირაკლი გაბელია
ისტორია პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები
CIPRF

პარტიული პოლიტიკის ფუნდამენტური პრობლემა საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლიდან 2020 წლამდე საქართველოში დაარსდა დაახლოებით 300 ...

ლაშა შამათავა
ისტორია კავკასია პოლიტიკა საქართველო
CIPRF

სამხრეთ კავკასია და გლობალური პოლიტიკა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებულმა გლობალიზაციის პროცესმა მთელი მსოფლიოს გაერთიანება გამოიწვია. ინ...

მადლენ პაპოშვილი
კავკასია პოლიტიკა რეგიონი საერთაშორისო ურთიერთობები

წიგნები სრულად