ჩვენთვის ცნობილი ყველა სხვა ცოცხალი არსებისთვის, გარდა ადამიანისა, ნებისმიერი მოქმედება დასახელებული ოთხი ასპექტის თანაბარ-აქტუალური გამოვლინებით ხასიათდება. ადამიანი, როგორც ნოოლოგია კაცობრიობის ისტორიის ანალიზით ადგენს, დაექვემდებარა და აღზრდის წყალობით დღემდე ექვემდებარება განსაკუთრებულ, “რევოლუციური” ხასიათის ფსიქიკურ პროცესს, რომლის შედეგადაც იგი “ფიქსირებულია” განწყობის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობათაგან ერთ-ერთზე, დანარჩენ სამს კი გარემო ფაქტორად მიიჩნევს. აღნიშნულ პროცესს განწყობის მოუცილებადი მომენტის ერთ-ერთ მნიშვნელობაზე ფიქსაციისა, ნოოლოგიაში “ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნას” ეწოდება. გადაგვარებულობის მოხსნის შედეგად, ადამიანი ფაქტობრივად სცდება ბიოსფეროს ფარგლებს და მასთან ერთად ნოოსფეროში (ბიოსფეროს ანალოგური ტერმინი) განაგრძობს არსებობას. ასეთია პიროვნების ნოოლოგიური განსაზღვრება - პიროვნებას გვაძლევს ბიოლოგიური ინდივიდისთვის ნოოლოგიური გადაგვარებულობის მოხსნა. ვინაიდან გადაგვარებულობის მოხსნისას ინდივიდის განწყობა შესაძლოა დაფიქსირდეს ოთხიდან ერთ-ერთ ასპექტზე, შესაძლებელია არსებობდეს ოთხი ტიპის პიროვნება - ფორმის მანიის, ძლევის მანიის, ცხრომის მანიის და მართვის მანიის. სიტყვა “მანია” ამ სახელწოდებებში აღწერილი ასპექტების ადამიანის ფსიქიკისთვის დომინანტურ ფაქტორად არსებობაზე მიუთითებს.