ფიქრობდნენ კი ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამები 1776 წლის 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებისას, რომ სულ ორიოდე ასწლეულის შემდეგ აშშ ჰეგემონ ზესახელმწიფოდ მოგვევლინებოდა და მთელ მსოფლიოს თავისი პოლიტიკური თამაშის წესებს უკარნახებდა? ეს რიტორიკული შეკითხვა პასუხს არ საჭიროებს. ეჭვგარეშეა, რომ აშშ დასაბამიდან ამბიციურობით გამოირჩეოდა: მაშინაც, როდესაც დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღეს; მაშინაც, როდესაც მონრომ თავისი დოქტრინა გააცხადა; თეოდორ რუზველტის დროსაც, როდესაც ნაციონალური სიამაყის, ცივილიზაციური უპირატესობისა და აღმატებულობის გრძნობა ამერიკელი ერის ნაციონალური იდენტობის ინტეგრალური ნაწილი გახდა; ტაფტის და მისი „დოლარის დიპლომატიის“ დროსაც, ვილსონის „თოთხმეტი პუნქტის“ დეკლარირებისას და 1941-1945 წლებში მოკავშირეთა საერთაშორისო კონფერენციების მოწვევის და მათში მომლაპარაკებლის ამპლუაში მონაწილეობის მიღების დროსაც.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გახდა რა გაეროს ერთ-ერთი დამფუძნებელი და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, აშშ-მა აქტიურად დაიწყო გლობალური პოლიტიკური პროცესების აქსელერაცია, რასაც თან სდევდა მისი პრესტიჟის ზრდა. აშშ-მა გააფართოვა თავისი სამხედრო პოტენციალი და იმ ქვეყნების წრე, რომლებიც მზად იყვნენ მხარი დაეჭირათ მისთვის სსრკ-სთან კონფრონტაციაში. XX საუკუნის მეორე ნახევარი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია „ცივი ომის“ სახელწოდებით, ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, ხოლო ლიდერობა რიგრიგობით გადადიოდა ერთი სახელმწიფოდან მეორეზე. ამერიკის ისტორიაში იყო ისეთი მომენტიც, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების ჯონ კენედის და რიჩარდ ნიქსონს შორის მიმდინარე წინაასარჩევნო პოლემიკაში ორივე კანდიდატი აცხადებდა, რომ საჭიროა აშშ დაეწიოს და გადაასწროს სსრკ-ს გარკვეულ სფეროებში.
მიუხედავად ყველაფრისა, ეპოქალური დაპირისპირება სსრკ-ს დაშლით დასრულდა და ფრენსის ფუკუიამას „ისტორიის დასასრულით“ დაგვირგვინდა. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან აშშ გახდა მსოფლიოს ერთპიროვნული ლიდერი და მრავალი სახელმწიფოსათვის მისაბაძი მაგალითი, მათ შორის, საქართველოსთვისაც, რომელმაც ჯერ კიდევ 1991 წლის აპრილში გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობისა და საბჭოთა კავშირიდან სეცესიის შესახებ.
XX საუკუნის 90-იანი წლებიდან აშშ აქტიურად შეუდგა მსოფლიოში თავისი პოლიტიკის და ლიბერალური ღირებულებების დანერგვას. ეს პროცესები საკმაოდ ლოგიკური ჩანდა — აშშ ხომ გამარჯვებული იყო და, შესაბამისად, მისი კომპეტენტურობა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში, ისევე, როგორც ამერიკელების ცხოვრების წესი და ცხოვრებისეული პრიორიტეტები არ იწვევდა არც ეჭვს, არც წინააღმდეგობას. აშშ გახდა ერთპიროვნული ავტორიტეტი და დემოკრატიის ექსპორტიორი ვარშავის პაქტში შემავალი პოლიტიკურად დეზორიენტირებული და დაბნეული ქვეყნებისათვის, მათ შორის რუსეთისთვისაც.
უნიპოლარულ სამყაროში დაიწყო იმ პრინციპების, პრიორიტეტების და ღირებულებების კულტივაცია, რომლებსაც მთელი მსოფლიო უფრო დემოკრატიული, თავისუფალი, უსაფრთხო და ყოველმხრივ უზრუნველყოფილი უნდა გაეხადა. აშშ-ის ეგიდით ფორმირებული უნიპოლარული სისტემის მიზნები სრულიად ნათელი იყო: განვითარებად და მესამე მსოფლიოს ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის ექსპორტი, თითოეული ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, სახელმწიფო ხელისუფლების გამჭვირვალობა და კანონის უზენაესობის მიღწევა. საყოველთაო მოლოდინით, მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური წესრიგი უნდა გამხდარიყო ოპტიმალური, შესაბამისად, აშშ ცდილობდა დაეჩქარებინა ამ მომენტის მოახლოება ყველა შესაძლო, თუმცა, უფრო ხშირად, ძალისმიერი საშუალებებით და მეთოდებით.
რა თქმა უნდა, აშშ-ის უპირობო ჰეგემონიაში არანაკლებ როლს თამაშობდა ის ფაქტორიც, რომ იმ დროისათვის არ არსებობდა შეერთებული შტატების საპირწონე პოლიტიკური ძალა. რუსეთი - სსრკ-ის სამართალმემკვიდრე - კრიზისულ სიტუაციაში იმყოფებოდა და თვითონაც ცდილობდა გამარჯვებული ქვეყნის კვალს მიჰყოლოდა; ჩინეთი ის-ის იყო ძალებს იკრეფდა და მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური დემოკრატიის ბრმად იმიტაციის სურვილს არ გამოხატავდა, არც იმდენი ძალა გააჩნდა, რომ ღიად გამოეხატა თავისი წინააღმდეგობა. ევროპაც, ისევე როგორც რუსეთი, არასახარბიელო მდგომარეობაში იყო და, გარდა ამისა, აშშ-ის პოლიტიკას უჭერდა მხარს და მისივე ღირებულებათა სისტემას ეყრდნობოდა.
„დასავლური ძალაუფლების მასშტაბი და გავლენა იმდენად უსაზღვრო იყო, რომ ბევრმა პოლიტიკოსმა იწამა ლიბერალიზმის სამუდამო ტრიუმფი“.
აშშ-მა დაიწყო განვითარებადი და მესამე მსოფლიოს ქვეყნებისათვის ფინანსური და სამხედრო დახმარება იმ მკაცრი პირობით, რომ რეციპიენტი ქვეყნების ხელისუფლება ლიბერალურ პოლიტიკას გაატარებდა. ამის გარდა, დახმარების მიმღები ქყვეყნებისაგან აშშ ითხოვდა მისთვის საჭირო და მომგებიანი პირობების დაცვას, მაშინაც კი, როდესაც ასეთი პირობების შესრულება ამ ქვეყნების ეროვნული ინტერესების საზიანო იქნებოდა. უნიპოლარული სამყარო გახდა მნიშვნელოვნად დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე. ფაქტობრივად, ლიბერალიზმის და დემოკრატიის, როგორც ღირებულებათა სისტემის დანერგვა და მიღება გახდა არა ქვეყნების კეთილი ნების გამოხატულება, არამედ თავს მოხვეული ნორმატივების შესრულება. ლიბერალიზმის გარდა, სხვა მდგრადი პარადიგმები ძალადობრივი ტრანსფორმაციის სამიზნედ იქცა. შედეგად, გარდაუვალი გახდა გარედან შემოტანილი და ორგანული კულტურული, ნაციონალური და პოლიტიკური ღირებულებების კონფლიქტი.
ამას დაემთხვა ისეთი ქვეყნების მოძლიერება და გავლენების ზრდა, როგორებიცაა რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ჩინეთმა, რამდენიმე სხვა ასევე დაწინაურებულ და მოძლიერებულ სახელმწიფოებთან ერთად, დაფინანსების ფართომასშტაბიანი კამპანია გააჩაღა აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ამან ალტერნატივა გაუჩინა აშშ-ის პოლიტიკით უკმაყოფილო სახელმწიფოებს, რომლებიც მანამდე იძულებულები იყვნენ ეთმინათ შექმნილი სტატუს-კვო. თავის მხრივ, ალტერნატივების გაჩენამ და ძალთა ბალანსის შეცვლამ ანტილიბერალური განწყობების წახალისება გამოიწვია. შედეგად, წინა პლანზე გამოვიდნენ ნაციონალური მოძრაობები და ნეონაცისტური პარტიები, ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ევროპაში ლიბერალური დემოკრატიის საყრდენად ითვლებოდნენ - გერმანიაში, საფრანგეთში და ა.შ. ასევე, დაიწყო ადგილობრივი, რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსების ღია ანტაგონისტური მოწოდებები ამერიკის მისამართით.
„და საკმარისია უკვე იმის მტკიცება, რომ ჩვენ და ჩრდილოეთ ამერიკას საერთო ღირებულებები გვაქვს! ჩვენ სულაც არ გამოვდივართ ერთი და იგივე პრინციპებიდან. აშშ, პირველ რიგში, იცავს თავის უფლებას აკეთოს ის, რაც მას მოესურვება“ - განაცხადა პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა L’Opinon-თვის მიცემულ ინტერვიუში.
მეტიც, მსგავსი რადიკალური განწყობები გაჩნდა თვით ლიბერალური დემოკრატიის აკვანში - აშშ-ში, რისი ლოგიკური დაგვირგვინება გახდა დონალდ ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა.
„ცივი ომის“ დასრულებიდან რამდენიმე წელიწადში, შეერთებული შტატები ტრიუმფატორიდან, დემოკრატიის და ლიბერალური ღირებულებების გამტარებლიდან გადაიქცა ქვეყნად, რომელიც გერმანიის მემარცხენე პარტიის (Die Linke) ერთ-ერთმა ლიდერმა სარა ვაგენკნეხტმა შემდეგნაირად დაახასიათა: „აშშ არის მსოფლიოს ყველაზე აგრესიული სამხედრო ძალა. ვისაც ჰყავს ასეთი მეგობრები, მას მტრები აღარ სჭირდება“ („USA - aggressivste Militärmacht der Welt. Wer solche Freunde hat, braucht keine Feinde“).
უნიპოლარულ სამყაროს ბზარი გაუჩნდა.
სხვადასხვა მკვლევარი, პოლიტიკოსი თუ ექსპერტი განსხვავებულ მოსაზრებებს გამოსთქვამს იმ პერიოდის საწყისი წერტილის შესახებ, საიდანაც დაიწყო ლიბერალური დემოკრატიის მთლიანობაში, და აშშ-ის, როგორც ამ კონცეფციის მთავარი ადეპტისა და რეალიზატორის დაღმასვლა. ზოგი ამ მოვლენას ერაყში ომის დაწყებას უკავშირებს, ზოგი 2008 წლის ფინანსურ კრიზისს და ა.შ. მაგრამ, ჩვენი აზრით, ნეოლიბერალები და მათი მხარდამჭერები უნიპოლარული მსოფლიო წესრიგის დასასრულის დასაწყისად ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და მისი მართვის პერიოდს სთვლიან.
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრებისა და მომხრეებისათვის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები იმდენად მიუღებელი იყო, რომ ისინი დიდი ხნის (ფაქტობრივად, ტრამპის პრეზიდენტად ყოფნის მთელი პერიოდი) განმავლობაში ცდილობდნენ ეპოვათ შეთქმულება და გამოეაშკარავებინათ ტრამპსა და რუსეთს შორის ფარული კავშირები.
მიუხედავად ბევრი მცდელობისა, რეალური მტკიცებულებების მოპოვება ტრამპსა და პუტინს შორის მალული კავშირის გამოსავლენად ვერ მოხერხდა და აშშ-ის ისტორიაში დაიწყო ის იშვიათი ეპოქა, როდესაც აშშ-მა, მიუხედავად აგრესიული განწყობებისა, სხვა მიწაზე არ წამოიწყო არც ერთი სამხედრო კამპანია. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ დატოვა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებები სამხედრო განიარაღების შესახებ, გამოვიდა პარიზის შეთანხმებიდან, გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოდან, იუნესკოდან და ა.შ.
ტრამპმა რადიკალურად შეცვალა მიგრაციის პოლიტიკა, პირდაპირ და აშკარად ჩაება ჩინეთთან სავაჭრო ომში. მისი ხისტი გამოთქმები ხშირად ხდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის რასიზმსა და ქსენოფობიაში დადანაშაულების საბაბი.
დონალდ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკა კატეგორიულად არ შეესაბამებოდა იმ ლიბერალურ შეხედულებებს და გზავნილებს, რომლებსაც აშშ მთელი ამ ხნის განმავლობაში ავრცელებდა. ღირებულებათა სკალა, რომლის მიხედვითაც აშშ ახორციელებდა სხვა სახელმწიფოების „პროგრესის“ გაზომვას, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. გასაკვირი არაა, რომ დონალდ ტრამპს ბევრი მიიჩნევდა აშშ-ის დამფუძნებელი მამებისა და მათი საქმის ღირსეული გამგრძელებლების დიადი სახელის და დიდების შემარცხვენელად. მრავლად იყვნენ ისინიც, ვინც ტრამპს რუსი ჰაკერების და მათთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ხელდასმულ პრეზიდენტად განიხილავდა.
აღმოჩნდნენ რა ასეთ სიტუაციაში, ნეოლიბერალურმა ძალებმა, რომლებიც ათწლეულების მანძილზე იყვნენ აშშ-ის სათავეში, ყველა ღონეს მიმართეს, რომ დაებრუნებინათ ძალაუფლება და აღედგინათ უნიპოლარული მსოფლიო წესრიგი. როგორც ჩანს, ამერიკელი დემოკრატების მმართველ ელიტას მოლოდინი აქვს, რომ მსოფლიოს ძველ კალაპოტში დაბრუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამაზე მეტყველებს ის აგრესიული და პროპაგანდით გაჯერებული პოლიტიკა, რომელსაც აშშ პოლიტიკური კონკურენტების მიმართ აწარმოებს.
„ცივი ომის“ დასრულებუდან 30 წლის შემდეგ მსოფლიო ისევ დანაწევრებულია და ჩიხური მდგომარეობისა და უთანხმოების წინაშე დგას. სიტყვებმა „ბირთვული ომი“ ილუზორული ელფერი დაკარგა და რეალური სახე მიიღო. აშშ-მა ნათლად დაანახა ყველას, რომ ლიბერალური იდეალების დამკვიდრებისათვის ბრძოლაში ის არ დაუშვებს ისეთი ქვეყნების აღზევებას, რომლებიც ამ იდეალებს არ იზიარებენ.
ჩნდება საფუძვლიანი შეკითხვა: რა გველის მომავალში? სადამდე გაგრძელდება ეს ყოვლისმომცველი დაპირისპირება? და რა გამოსავალი არსებობს ამ საკმაოდ რთული საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურიდან?
მიმდინარე გლობალური კრიზისის პრიზმაში ეს შეკითხვები ვინმეს შეიძლება როტორიკულადაც მოეჩვენოს. დღეს არსებული საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების ჩარჩოებში ასეთი ტიპის საკითხები უკვე წამოჭრილია და ცდილობენ პრობლემის გადაჭრის გზებიც შეიმუშავონ, მაგრამ ყოველი ასეთი მცდელობა უშედეგოდ სრულდება, რადგან თითოეული თეორია თავის არეალში, თვალსაწიერში რჩება და იკეტება, ხოლო შეზღუდული მსოფლმხედველობრივი ჩარჩოების ფარგლებში რთულია ოპტიმალური გამოსავლის მოძებნა.
დღითიდღე მყარდება მოსაზრება, რომ საკითხის ოპტიმალური გადაწყვეტა არსებული თეორიული ბაზის ფარგლებში შეუძლებელია. თუმცა, საკმარისია გადავხედოთ ქართული მეცნიერების თანამედროვე აღმოჩენებს და დავინახავთ, რომ მსოფლიო პოლიტიკური პროცესების ასეთი განვითარება ჯერ კიდევ 2004 წელს იყო პროგნოზირებული ქართველი მეცნიერის ემზარ ხვიჩიას მონოგრაფიაში. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საუბარია მეცნიერულად დასაბუთებულ პროგნოზებზე, რომელიც კომპლექსურ ინტერდისციპლინურ პარადიგმას ეფუძნება და არა ზედაპირულ ექსპერტულ მოსაზრებებს და საფუძველს მოკლებულ წინასწარმეტყველებებს.
სანამ ემზარ ხვიჩიას მონოგრაფიას მიმოვიხილავთ, გვინდა დავაზუსტოთ, რომ მეცნიერულად დასაბუთებული პროგნოზის ქვეშ ჩვენ განვიხილავთ ისეთ პროგნოზებს, რომლებიც ობიექტურ კანონზომიერებებზეა დაფუძნებული და არ წარმოადგენს ვინმეს სუბიექტური აზრის განვითარებას.
ორიოდე სიტყვით შევეხებით ემზარ ხვიჩიას მეცნიერულ აღმოჩენას, რამაც შესაძლებელი გახადა საზოგადოებრივი პროცესების სისტემური აღწერა, რაც აქამდე მეცნიერებაში გადაუჭრელ ამოცანად მიაჩნდათ. თავის თეორიაში, რომელსაც ავტორმა კვანტურ-რელატივისტური ნოოლოგია უწოდა, ემზარ ხვიჩია კონცეპტუალურად განავრცობს და აფართოვებს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას და შემოაქვს ფიქსირებული განწყობის ცნება და ოთხი ფუნდამენტური ფსიქოტიპი და, მოგვიანებით, ერთა ოთხი ფსიქოტიპის ცნება. გარდა ამისა, ავტორის მიერ განმარტებულია ისეთი კონტრავერსიული ფენომენები და ცნებები, როგორიცაა ცივილიზაცია, ერი და პიროვნება.
კვანტურ-რელატივისტური ნოოლოგიის საშუალებით შესაძლებელია როგორც საზოგადოებრივი პროცესების აღწერა, ასევე ისტორიული მოვლენების ახლებურად ინტერპრეტირება და იმ მოვლენების არსის სხვაგვარად დანახვა, რომლებიც აქამდე ისტორიკოსთა სუბიექტური მოსაზრებებით იხსნებოდა.
კვანტურ-რელატივისტურ ნოოლოგიაზე დაყრდნობით, ე. ხვიჩიას შექმნილი აქვს ე.წ. „ოპტიმალიზმის დოქტრინა“, რომელიც მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის ახლებურად, ოპტიმალურად მოწყობის გეგმას გვთავაზობს.
ემზარ ხვიჩიას მიხედვით, აშშ-ში და მსოფლიოში დღეს განვითარებული მოვლენები შემთხვევითი არ არის. კვანტურ-რელატივისტური ნოოლოგიის მიხედვით, არსებობს ერთა 4 სახის ფსიქოტიპი და თითოეული ერი ამ ოთხიდან ერთი-ერთი ფსიქოტიპის მატარებელია თავისი ძირითადი მახასიათებლებით. თითოეული ტიპის ერს ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც სხვადასხვა გარემოებების ზეგავლენით დაწინაურდა თავის კლასში. ემზარ ხვიჩიას მიერ მოცემული კლასიფიკაციით, ერები იყოფიან შემდეგ კლასებად: მართვის, ფორმის, ძლევის და ცხრომის მანიის კლასები. ავტორმა გამოიყენა ტერმინი „მანია“, რითაც ხაზი გაუსვა დომინანტურ ფსიქიკურ ფაქტორს. ავტორის მიხედვით ამ ფაქტორს ოთხი მნიშვნელობის მიღება შეუძლია და თითოეულ მნიშვნელობას სხვადასხვა ტიპის ერი შეესაბამება.
ზემოთჩამოთვლილთაგან, სამი კლასის ერი - ფორმის, ძლევის და ცხრომის მანიის - ინსტიტუციური ერია, ხოლო მართვის მანიის კლასის ერს ინსტიტუციონალიზმი არ ახასიათებს იმ გაგებით, რომ მისთვის ენდემური არაა ინსტიტუციები. ამასთანავე, იმ დროს როდესაც სამი კლასის ინსტიტუციური ერებიდან ვერც ერთი ვერ ხედავს სხვის საჭიროებას და მათ მხოლოდ ხელისშემშლელ ფაქტორად განიხილავს, მართვის მანიის კლასის ერს აქვს უნიკალური უნარი და თვისება - დაინახოს ყველა ტიპის ერი და შეასრულოს მათ შორის იმ შუამავლის როლი, რომელიც შეძლებს ამ ერებს შორის თანხმობის პროცესების მართვას.
სწორად ამ ფაქტორებზეა დამყარებული ემზარ ხვიჩიას ოპტიმალიზმის დოქტრინა - ოთხი ტიპის ერის ისეთ ურთიერთქმედებასა და თანამშრომლობაზე, რომელიც ოპტიმალურად წარმოაჩენს თითოეული ერის ღირსებებსა და საჭიროებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ცივილიზაციის მდგრად ფუნქციონირებას.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღევანდელ რეალობაში რესურსების დატაცების პოლიტიკა კარგავს თავის აქტუალობას. წინა პლანზე იწევს როლების გადანაწილება სახელმწიფოებს შორის, ხოლო კვანტურ-რელატივისტური ნოოლოგიის და მასზე დაფუძნებული ოპტიმალიზმის დოქტრინის თანახმად, ყოველი ტიპის ერს გააჩნია ოპტიმალური, მხოლოდ ამ ერისათვის დამახასიათებელი ფუნქცია - იმ თვისებების კრებული, რითაც იგი გამოსადეგი იქნება ცივილიზაციის ოპტიმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
კვანტურ-რელატივისტური ნოოლოგიის და ოპტიმალიზმის დოქტრინის თანახმად, ის საპასუხისმგებლო ფუნქცია, რასაც ჰქვია საერთაშორისო ურთიერთობების მოდერაცია, აკისრია მართვის მანიის კლასის ერებს. დღეს მართვის მანიის კლასის ერები ნიველირებულია და გარემო ფაქტორების გავლენით იძულებულნი არიან სხვადასხვა ტიპის ფსიქოტიპები მოირგონ (ატარონ ფსიქოტიპური ნიღაბი). იმისათვის, რომ მოხდეს საერთაშორისო პრობლემების რეზოლუცია, საჭიროა მართვის მანიის კლასის ერებმა დაიწყონ პირდაპირი თვითგამოხატვა და ჩაერთონ გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში თავისი უნიკალური ფუნქციით. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი პოლიტიკური კონფლიქტების დეესკალაცია და მსოფლიო პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაცია.
ბიბლიოგრაფია
- Calhoun, C. J. (2003). John C. Calhoun: Selected Writings and Speeches, edited by H. Lee Cheek Jr. Regnery Publishing, p.50
- Foster John Bellamy (2003). The New Age of Imperialism, https://monthlyreview.org/2003/07/01/the-new-age-of-imperialism/, ბოლო შემოწმება: 15.04.2021
- Fukuyama, F. (1992). The End of History and the Last Man, Free Press.
- Gramsci, A. (2011). Prison Notebooks Volume II, Notebook 3, 1930, (2011 edition) SS-34, Past and Present 32-33.
- Kennedy vs. Nixon: The first 1960 presidential debate, https://www.youtube.com/watch?v=AYP8-oxq8ig, ბოლო შემოწმება: 15.04.2021
- Martins, C. E., Thompson, T. (2007). The Impasses of U.S. Hegemony: Perspectives for the Twenty-first Century, Latin American Perspectives, Vol. 34, No. 1, The Crisis of the U.S. Hegemony in the Twenty-First Century, Sage Publications, Jan. 2007, pp. 16-28.
- Mélenchon, J. L. (2020). «Mon programme pour la défense nationale», https://www.lopinion.fr/edition/international/jean-luc-melenchon-mon-programme-defense-nationale-230400, ბოლო შემოწმება 31.03.2021
- Wagenknecht, S. (2020). USA - aggressivste Militärmacht der Welt. Wer solche Freunde hat, braucht keine Feinde, https://youtu.be/R3T9YKho2Yk, ბოლო შემოწმება: 15.04.2021
- Кашин В., Тимофеев И. (2021). Американо-китайские отношения: к новой холодной войне? https://russiancouncil.ru/analytics-and-comments/analytics/amerikano-kitayskie-otnosheniya-k-novoy-kholodnoy-voyne/, ბოლო შემოწმება: 14.10.2021
- Кортунов А. (2020), Кризис миропорядка и будущее глобализации, https://russiancouncil.ru/papers/RIAC-Globalization-Report60.pdf, ბოლო შემოწმება: 14.10.2021
- Кули, А., Нексон, Д. (2020). Как заканчивается гегемония. https://globalaffairs.ru/articles/kak-zakanchivaetsya-gegemoniya/, ბოლო შემოწმება: 15.04.2021
- Франции нет места в НАТО, а Россия — более надёжный партнёр, чем США: Меланшон раскрыл свой взгляд на военную доктрину, (2020). https://ru.rt.com/Iq5bg, ბოლო შემოწმება: 15.04.2021
- ხვიჩია, ე. (2004). „ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია“, თბილისი, ნეკერი
- სტიგლიცი ჯოზეფ, (2013). “გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება”, თბილისი, რადარამი