სარჩევი
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ძირითადი ასპექტებია ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორის ოკუპაცია, იერუსალიმის სტატუსი, ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული დასახლებები, საზღვრები, უსაფრთხოება, წყლის რესურსებზე წვდომა, პალესტინელების გადაადგილების თავისუფლება და პალესტინელ ლტოლვილთა სამშობლოში დაბრუნების უფლება (1).
ისტორიული ქვეტექსტი:
კონფლიქტი სათავეს იღებს XIX საუკუნის ბოლოს ევროპაში სიონიზმის აღმავლობიდან — მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა ებრაული სახელმწიფოს შექმნას პალესტინის კოლონიზაციის გზით. სიონისტური მოძრაობის მხარდამჭერი გახდა იმ დროისთვის იმპერიული ძალა — ბრიტანეთი, რომელმაც 1917 წლის ბალფურის დეკლარაციით გამოხატა მხარდაჭერა პალესტინაში „ებრაული სამშობლოს“ შექმნის მიმართ. პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, ბრიტანეთმა ყოფილი ოსმალური ტერიტორია მანდატორულ პალესტინად აქცია. ებრაელთა მზარდმა მიგრაციამ გამოიწვია დაძაბულობა ებრაელებსა და არაბებს შორის, რაც საბოლოოდ გადაიზარდა ინტერკომუნალურ კონფლიქტში. 1936 წელს პალესტინელებმა აჯანყება წამოიწყეს დამოუკიდებლობისა და სიონიზმისადმი ბრიტანული მხარდაჭერის შეწყვეტის მოთხოვნით, თუმცა აჯანყება ბრიტანეთის მიერ ძალადობრივად იქნა ჩახშობილი. დაძაბულობამ 1947 წელს გაეროს მიერ პალესტინის დაყოფის გეგმის მიღება გამოიწვია, რაც შემდგომში სამოქალაქო ომის მიზეზი გახდა (2).
1948 წლის პალესტინის ომის შედეგად, არაბი პალესტინელების ნახევარზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავიანთი საცხოვრებელი ტერიტორიები. ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა ისრაელის სახელმწიფო ერთა ლიგის წევრი სახელმწიფოების ადმინისტრაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, ხოლო ღაზას სექტორი და დასავლეთ სანაპირო ეგვიპტესა და იორდანიას გადაეცათ. 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ, ისრაელი აკონტროლებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც კოლექტიურად პალესტინის ტერიტორიებად მოიხსენიება. ოკუპაციის წინააღმდეგ მოხდა ორი პალესტინური აჯანყება 1987 და 2000 წლებში (პირველი და მეორე ინტიფადები). ოკუპაციის პირობებში ისრაელმა დაიწყო უკანონო დასახლებების მშენებლობა, რითაც ჩამოყალიბდა სისტემური დისკრიმინაციის რეჟიმი პალესტინელთა მიმართ, რაც საერთაშორისო ანალიტიკოსების მიერ „ისრაელის აპართეიდად“ მოიხსენიება. ეს დისკრიმინაცია მოიცავს პალესტინელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების უფლების უარყოფას და საკუთრების აღდგენაზე უარს. ისრაელის ქმედებები არაერთხელ გამხდარა ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო საერთაშორისო კრიტიკის საგანი (3).
1980-იანი წლებიდან მოყოლებული, საერთაშორისო საზოგადოებამ (აშშ-ისა და ისრაელის გამოკლებით) კონსენსუსს მიაღწია იმასთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა უნდა ეფუძნებოდეს “two-state” გადაწყვეტილებას 1967 წლის საზღვრების ფარგლებში და პალესტინელი ლტოლვილებისთვის სამართლიანი გამოსავლის შეთავაზებას. აშშ და ისრაელი კი უპირატესობას ანიჭებენ ორმხრივ მოლაპარაკებებს და არა საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ გადაწყვეტას. ბოლო წლებში “two-state” გადაწყვეტაზე საზოგადოების მხარდაჭერა შემცირდა, ხოლო ისრაელის ოფიციალური პოლიტიკა მეტწილად ოკუპაციის შენარჩუნებისკენ არის მიმართული. 2007 წელს ისრაელმა გაამკაცრა ღაზას ბლოკადა და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ღაზა დასავლეთ სანაპიროსგან სეპარირებული უნდა იყოს. ამ დროიდან მოყოლებული, ისრაელი ღაზასთან ურთიერთობას განიხილავს არა ოკუპაციის სამართლებრივი სტატუსის ფარგლებში, არამედ ომის სამართლის პრიზმაში. 2024 წლის ივლისში საერთაშორისო სასამართლომ უარყო ისრაელის ეს პოზიცია და დაადგინა, რომ პალესტინის ტერიტორიები წარმოადგენს ერთიან პოლიტიკურ ერთეულს და ისრაელი აგრძელებს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას არალეგალურ ოკუპაციას. სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ ისრაელის პოლიტიკა არღვევს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციას. 2006 წლიდან ჰამასსა და ისრაელს შორის არაერთი ომი მოხდა. 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის დაჯგუფებების მიერ განხორციელებულ შეტევებს ისრაელში ახალი ომი მოჰყვა. ექსპერტებმა საერთაშორისო სამართალში, გენოციდის მკვლევრებმა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა ისრაელის ქმედებები ღაზაში „გენოციდურ ქმედებად“ შეაფასეს (4).
არსებული მდგომარება:
აპარტეიდის ბრალდებები და საერთაშორისო შეფასებები:
2024 წლის ივლისში, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ ისრაელის პოლიტიკა არღვევს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციას. 2022 წლის მდგომარეობით, საერთაშორისო უფლებადაცვითი ყველა ორგანიზაცია თანხმდებოდა, რომ ისრაელის ქმედებები წარმოადგენდა აპარტეიდის დანაშაულს. 2021 წლის აპრილში, Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა ანგარიში „გადაბიჯებული ზღვრები“, რომელშიც აღწერილია, რომ ისრაელის პოლიტიკა პალესტინელების მიმართ ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში წარმოადგენს აპარტეიდის დანაშაულს. Amnesty International-მა 2022 წლის 1 თებერვალს გამოაქვეყნა კიდევ ერთი ანგარიში სახელწოდებით „ისრაელის აპარტეიდი პალესტინელების წინააღმდეგ: ბატონობის სასტიკი სისტემა და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“ (5).
2018 წელს ისრაელის პარლამენტმა მიიღო ე.წ. ეროვნული სახელმწიფოს კანონი, რომელსაც ისრაელის იურიდიულმა ჯგუფმა Adalah-მ „აპარტეიდის კანონი“ უწოდა. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ეს კანონი „კონსტიტუციურად ამკვიდრებს ებრაული უპირატესობის პრინციპს და ისრაელის სახელმწიფოს როგორც ებრაული ერის ეროვნული სახელმწიფოს იდენტობას“. კანონი წარმოადგენს „ძირეულ კანონმდებლობას“, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს ნახევრად-კონსტიტუციური სტატუსი. მასში წერია, რომ ეროვნული თვითგამორკვევის უფლება ისრაელში მხოლოდ ებრაელ ერს აქვს (6).
პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიები:
ისრაელი 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ აკონტროლებს პალესტინის ტერიტორიებს, დასავლეთ სანაპიროს (მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმს) და ღაზას სექტორს, რაც წარმოადგენს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ სამხედრო ოკუპაციას. 2024 წელს საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ პალესტინის ტერიტორიები წარმოადგენენ ერთ პოლიტიკურ ერთეულს და რომ ისრაელის მიერ მათი ოკუპაცია, დასახლებების შექმნა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება არღვევს საერთაშორისო სამართალს. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ისრაელმა პალესტინელ ხალხს სრული რეპარაცია უნდა გადაუხადოს მიყენებული ზიანისთვის (7).
ზოგიერთი პალესტინელი მიიჩნევს, რომ მათ სრული უფლება აქვთ დასავლეთ სანაპიროზე, ღაზას სექტორსა და აღმოსავლეთ იერუსალიმზე. ისრაელი, თავის მხრივ, ამბობს, რომ უსაფრთხოების მიზეზებით და მოლაპარაკებების არარსებობის გამო, ეს ტერიტორიები განხილვის საგანია. პალესტინელები ამ მიდგომას თავიანთი უფლებების უარყოფად მიიჩნევენ. 2017 წელს ჰამასმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა პალესტინურ სახელმწიფოს 1967 წლის საზღვრებში, თუმცა ისრაელის აღიარების გარეშე (8).
ისრაელის დასახლებები:
საერთაშორისო საზოგადოება ისრაელის დასახლებებს უკანონოდ მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თუმცა ისრაელი ამას არ ეთანხმება. დასახლებების ლეგალურობის გამამართლებლები დაყრდნობას პოულობენ ჟენევის მეოთხე კონვენციის მუხლებში და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში. დასახლებები ხშირად მოიცავს პალესტინური მიწების კონფისკაციას, რაც იწვევს მოსახლეობის გადაადგილების აუცილებლობას და კონფლიქტს. ტერიტორიები, როგორც წესი, ისრაელის არმიის მიერ არის კნტროლირებადი, “დაცული” და ასევე, როგორც წესი, ძალადობის კერებად იქცევა. დასახლებები პალესტინურ ტერიტორიას ფრაგმენტულად ყოფს, ზღუდავს ეკონომიკურ განვითარებას და თავისუფლად გადაადგილების უფლებას. Amnesty International აღნიშნავს, რომ დასახლებები ართმევს პალესტინურ ქალაქებს ისეთ სასიცოცხლო რესურსებს, როგორიცაა მიწა და წყალი და ზღუდავს გადაადგილებას უსაფრთხოების სახელით (9).
2014 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მოიცავდა 2011–2013 წლების პერიოდს, Amnesty International-მა განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა გამოიყენეს „უპასუხისმგებლო ძალადობა“ დასავლეთ სანაპიროზე და ზოგ შემთხვევაში განახორციელეს განზრახ მკვლელობები, რაც შესაძლოა სამხედრო დანაშაულად შეფასდეს. 261 პალესტინელი (მათ შორის 67 ბავშვი) მძიმედ დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღით. ამავე პერიოდში, 45 პალესტინელი, მათ შორის 6 ბავშვი, დაიღუპა. Amnesty-ს მიერ შეფასებულ 25 შემთხვევაში ვერ იპოვეს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მსხვერპლი იმ მომენტში საფრთხეს წარმოადგენდა. ამავდროულად, 8,000-ზე მეტი პალესტინელი მძიმედ დაშავდა სხვა საშუალებებით, მათ შორის რეზინის ტყვიებით. მხოლოდ ერთი ისრაელელი ჯარისკაცი იქნა გასამართლებული პალესტინელის მოკვლისთვის, მიესაჯა თანამდებრობივი დაქვეითება და 1-წლიანი პირობითი სასჯელი. ისრაელის არმიამ ამ ბრალდებებზე განაცხადა, რომ ის „აუცილებლად იცავს პროფესიული სტანდარტების მაღალ დონეს“ და საჭიროების შემთხვევაში ატარებს გამოძიებებს (10).
ღაზას ხაზის განცალკევებისა და ბლოკადის პოლიტიკა:
2006 წლიდან ისრაელმა დაამკვიდრა პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა ღაზას გამყოფი ხაზისა და დასავლეთი სანაპიროს განცალკევებას. ეს პოლიტიკა მოიცავდა მკაცრ შეზღუდვებს იმპორტზე, ექსპორტზე და გადაადგილებაზე, რაც განსაკუთრებით გამკაცრდა მას შემდეგ, რაც ჰამასმა 2007 წელს ღაზაზე კონტროლი მოიპოვა (11).
ისრაელი ღაზას "მტრულ ტერიტორიად" აღიქვამს და ბლოკადას წარმოაჩენს როგორც უსაფრთხოების ზომას, თუმცა საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციები მას განიხილავენ როგორც კოლექტიურ დასჯას, რომელიც პალესტინელების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ღიად განაცხადეს, რომ მიზანი იყო ეკონომიკური წნეხი, რათა ღაზას სექტორის ეკონომიკა ჩამოშლილიყო, თუმცა შეენარჩუნებინათ „ჰუმანიტარული მინიმუმი“.
ბლოკადამ გამოიწვია კერძო სექტორის კოლაფსი, უმუშევრობის ზრდა და მოსახლეობის სიღარიბე. 2010 წლისთვის ექსპორტი თითქმის სრულად გაჩერდა, ხოლო იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ შემდგომ წლებში შემცირდა. მიუხედავად ფორმალური შეზღუდვების შერბილებისა, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობა მკვეთრად არ გაუმჯობესებულა (11).
გაერო და უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბლოკადა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება და ხელს უშლის პალესტინელთა სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას (12).
მიმდინარე მდგომარეობა:
2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის ხელმძღვანელობით მოქმედმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა ფართო ჯგუფებისთვის მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს ისრაელზე. შედეგად, 1,195 ისრაელიელი და უცხოელი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 815 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო 251 ადამიანი ტყვედ წაიყვანეს.
ღაზაში ომის დაწყებიდან, 52,000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათგან ნახევარზე მეტი — ქალები და ბავშვები. 110,000-ზე მეტი პალესტინელი დაიჭრა. ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაასკვნა, რომ 2024 წლის ივნისისთვის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული სიკვდილიანობა შესაძლოა 64,260-ს აღწევდეს, თუმცა რეალური რიცხვი უფრო მაღალია, თუ გავითავლისწინებთ არაპირდაპირ შედეგებსაც.
ისრაელის მიერ ღაზას ბლოკადის გამკაცრებამ შექმნა უკიდურესი კრიზისი საკვებზე, რამაც 2025 წლის მისის მონაცემებით გამოიწვია შიმშილის უკიდურესად მაღალი დონე (13).
გამოყენებული ლიტერატურა:
- World Bank. (2007). Movement and access restrictions in the West Bank: Uncertainty and inefficiency in the Palestinian economy. https://web.archive.org/web/20100410135638/http://siteresources.worldbank.org/INTWESTBANKGAZA/Resources/WestBankrestrictions9Mayfinal.pdf
- Khalidi, R. (2020). The hundred years' war on Palestine: A history of settler colonialism and resistance, 1917–2017. Metropolitan Books.
- Totten, S. (Ed.). (2018). Last lectures on the prevention and intervention of genocide. Routledge.
- Speri, A. (2024, December 20). Defining genocide: How a rift over Gaza sparked a crisis among scholars. The Guardian. https://www.theguardian.com/us-news/2024/dec/20/genocide-definition-mass-violence-scholars-gaza
- Amnesty International. (2022). Israel’s apartheid against Palestinians: Cruel system of domination and crime against humanity. https://www.amnesty.org/en/documents/mde15/5141/2022/en/
- Shlaim, A. (2023). Three worlds: Memoirs of an Arab-Jew. Simon & Schuster.
- International Court of Justice. (2024, July 19). Advisory opinion on the legal consequences of Israel’s policies and practices in the Occupied Palestinian Territory, including East Jerusalem. United Nations. https://www.un.org/unispal/wp-content/uploads/2024/07/186-20240719-adv-01-00-en.pdf
- Wintour, P. (2017, May 1). Hamas presents new charter accepting a Palestine based on 1967 borders. The Guardian. https://www.theguardian.com/world/2017/may/01/hamas-new-charter-palestine-israel-1967-borders
- Amnesty International. (2019, January). Chapter 3: Israeli settlements and international law. https://www.amnesty.org/en/latest/campaigns/2019/01/chapter-3-israeli-settlements-and-international-law/
- Amnesty International. (2014, February). Trigger-happy: Israel's use of excessive force in the West Bank. https://www.amnesty.org/en/documents/mde15/002/2014/en/
- Roy, S. M. (1995). The Gaza Strip: The political economy of de-development (2nd ed., reprint). Institute for Palestine Studies.
- Human Rights Watch. (2023, October 18). Israel: Unlawful Gaza blockade deadly for children. https://www.hrw.org/news/2023/10/18/israel-unlawful-gaza-blockade-deadly-children
- Uras, U., & Jamal, U. (2025, May 24). LIVE: Israeli attacks kill 76; no aid relief for besieged northern Gaza. Al Jazeera. https://www.aljazeera.com/news/liveblog/2025/5/24/live-israeli-attacks-kill-76-no-aid-relief-yet-for-besieged-northern-gaza