სუეცის არხის ნაციონალიზაციამ სერიოზული დარტყმა მიაყენა დასავლეთის ქვეყნების, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ინტერესებს, რადგან არხის კონტროლი თითოეული მათგანისთვის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. დიდი ბრიტანეთისთვის სუეცის არხი წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს მისი გლობალური ჰეგემონიის შესანარჩუნებლად. ბრიტანეთის ხელისუფლებას სუეცის არხის კომპანიაში ეკავა 44%-იანი წილი, რაც უზრუნველყოფდა მის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას რეგიონზე. ამას თან ერთვოდა ის ფაქტიც, რომ ბრიტანული იმპორტის დაახლოებით 25% სწორედ სუეცის არხზე გადიოდა, რაც არხის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებდა (1).
არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო სუეცის არხის კონტროლი საფრანგეთისთვისაც. ფრანგული წილი კომპანიაში განაწილებული იყო დაახლოებით 70 ათას ფრანგ აქციონერზე, რაც საფრანგეთისათვის სერიოზულ ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესს წარმოადგენდა. გარდა ამისა, საფრანგეთის მთავრობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა ეგვიპტის პრეზიდენტის, გამალ აბდელ ნასერის მიერ ალჟირის არაბული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მხარდაჭერის გამო. ეს მოძრაობა საფრანგეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან ის უქმნიდა სირთულეებს ალჟირზე კონტროლის შენარჩუნებაში.
აშშ უპირველესად ცდილობდა, არ შეზღუდულიყო NATO-ს წევრი ქვეყნების გეოპოლიტიკური გავლენა როგორც რეგიონში, ისე გლობალურ დონეზე. განსაკუთრებით მისთვის პრობლემურად ჩანდა ეგვიპტეში საბჭოთა კავშირთან დაახლოებული, არაკაპიტალისტურ გზაზე ორიენტირებული რევოლუციური ხელისუფლების გაძლიერება, რომელიც აჟღერებდა ანტი-სიონისტურ და პან-არაბულ იდეებს და მიზნად ისახავდა, ეგვიპტის ხელმძღვანელობით ერთიანი, ძლიერი და ანგარიშგასაწევი არაბული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. მსგავსი ტიპის სახელმწიფოს გაძლიერება დასავლური ძალებისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული საფრთხის შემცველად მიიჩნეოდა, როგორც ისრაელის უსაფრთხოების, ისე თავად დასავლეთის იმპერიალისტური ინტერესებისათვის ახლო აღმოსავლეთში.
სიტუაციას ამწვავებდა ეგვიპტის მზარდი დაახლოება საბჭოთა კავშირთან და მისი გააქტიურება მიუმხრობლობის მოძრაობაში. ეს ტენდენცია ბადებდა ეჭვს, რომ ეგვიპტე შესაძლოა ქცეულიყო არა მხოლოდ არაბული სამყაროს, არამედ მთელი მესამე სამყაროს ერთ-ერთ ლიდერ სახელმწიფოდ. ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ქმედებები ამ კრიზისის დროს ნაკარნახევი იყო საკუთარი ბურჟუაზიული კლასის გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით.
რაც შეეხება ისრაელის ინტერესებს ამ კონფლიქტში, 1956 წლის 5 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ დავიდ ბენ გურიონის მიერ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ბულგანინისადმი გაგზავნილ საპასუხო წერილში, ისრაელის ეგვიპტეზე თავდასხმა აიხსნება ორი მთავარი არგუმენტით: ეიძულა ეგვიპტე მოეხსნა ბლოკადა ტირანის სრუტეზე, რომელმაც შეზღუდა ისრაელისთვის წითელ ზღვაზე ნაოსნობის შესაძლებლობა და ღაზას სექტორიდან პალესტინელი მებრძოლების — ბენ გურიონის თქმით, ეგვიპტის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების — მხრიდან განხორციელებული თავდასხმების აღკვეთის აუცილებლობით (2). თუმცა, გაცხადებული მიზეზების გარდა, ისრაელისთვის არსებობდა სხვა მოტივებიც: როგორც არაბულ მეზობლებთან სხვა ომებში, ისრაელს ამ კონფლიქტშიც ჰქონდა ტერიტორიული გაფართოებისკენ მისწრაფება. ამასთან, მისთვის მნიშვნელოვანი იყო კრიზისული ვითარების შექმნა ეგვიპტის რევოლუციური ხელისუფლებისთვის, რომელიც გამოირჩეოდა ღიად ანტი-სიონისტური რიტორიკით. ისრაელი ცდილობდა ეგვიპტეზე ზეწოლის განხორციელების მომენტით სარგებლობით — სწორედ იმ პირობებში, როდესაც მას გამარჯვებას აღუთქვამდნენ ისეთი ძლევამოსილი მოკავშირეები, როგორიც იყვნენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.ისრაელისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების ამგვარი მხარდაჭერის კვლავ მიღება, ამჯერად უკვე პირდაპირი სამხედრო მოქმედებების გზით. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ზრდიდა ისრაელის თავდაჯერებულობას.
30 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოში სსრკ-მა მოითხოვა ზომების მიღება ისრაელის აგრესიის აღსაკვეთად. სსრკ-სა და აშშ-ის მხარდაჭერილ ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას ვეტო დაადეს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. მომდევნო დღეს მათ დაიწყეს სამხედრო მოქმედებები ეგვიპტეში. 3 ნოემბერს ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუცია ახლა უკვე გაეროს გენერალურ ასამბლეაში მომზადდა, რომელიც დამტკიცდა 59 ხმით, 5-ის წინააღმდეგ (1). 5 ნოემბერს სსრ საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოში დააყენა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან გენერალური ასამბლეის რეზოლუციის შეუსრულებლობის საკითხი, დაემუქრა აგრესორ ქვეყნებს, რომ მომდევნო 12 საათში ცეცხლის არშეწყვეტის შემთხვევაში გაერო, უპირველესად სსრკ და აშშ, გამოიყენებდნენ სამხედრო ძალას მათ შესაჩერებლად. საბჭოთა მხარე ხაზს უსვამდა მზაობაზე მსხვერპლის დაცვასა და აგრესორის დამარცხებაში. იმავე დღეს სსრ მთავრობამ წერილი მიწერა აშშ-ის პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერს, შესთავაზა კონფლიქტის შესაჩერებლად საერთო ძალისხმევა, თუმცა შეთავაზების ამერიკული მხრიდან უარყოფის შემდეგ სსრკ-მა გადაწყვიტა თავად აეღო პასუხისმგებლობა ომის შეჩერებაზე. პრემიერ-მინისტრმა ბულგანინმა სპეციალური მიმართვები გაუგზავნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს — ენტონი იდენს, საფრანგეთის პრემიერ მინისტრს — გი მოლეს და ისრაელის პრემიერ-მინისტრს — დავიდ ბენ გურიონს. თითოეულ წერილში საბჭოთა ხელისუფლება იძლეოდა გამაფრთხილებელ სიგნალებს, ზოგ შემთხვევებში არ ერიდებოდა სარაკეტო თავდასხმით მუქარასაც კი. საბჭოთა ხელისუფლების მიმართვებს მალევე მოჰყვა ადრესატების მხრიდან საპასუხო წერილები, სადაც ისინი აცხადებდნენ მზაობას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
სუეცის არხის ნაციონალიზაციისადმი დასავლეთის სახელმწიფოების წინააღმდეგობის გაცხადებული მიზეზები როგორც ჩანს მხოლოდ ყალბ პროპაგანდას წარმოადგენდა, რომელიც საკუთარი კოლონიალისტური მიზნების შეფარვას ცდილობდა. დასავლეთში თვლიდნენ, რომ არხის ეგვიპტური დამოუკიდებელი მართვა-გამგეობა მარცხისთვის იქნებოდა განწირული. თუმცა, როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ეს ვარაუდი არ გამართლდა. თუკი, 1955 წელს სუეცის არხზე მოდიოდა მსოფლიო საზღვაო გადაზიდვების 13.5%, 1966 წლისათვის ეს ციფრი 16%-მდე გაიზარდა. სუეცის არხის ტვირთნაკადი ამავე პერიოდისათვის ორჯერ გაიზარდა — 107 მლნ ტონიდან 247 მლნ ტონამდე (3). სუეცის არხის შეფერხება კრიზისიდან დაახლოებით 10 წლის თავზე, ეგვიპტელთა უუნარობის ნაცვლად დასავლეთის ერთგული მოკავშირის, ისრაელის მომდევნო აგრესიულმა ომმა გამოიწვია. 1967 წლის ექვსდღიანი ომის შედეგად დაიხურა სუეცის არხი, ამით არამხოლოდ ეგვიპტე, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკონომიკა დააზარალა. გაეროს მონაცემებით პირველი ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკისათვის არხის უმოქმედობით მიყენებულმა ზარალმა 7 მლრდ დოლარს გადააჭარბა, ყოველწლიურად კი ეს ზარალი 1.7 მლრდ დოლარით იზრდებოდა (3). 8 წლიანი უმოქმედობის შემდეგ არხი 1975 წლის 5 ივნისს გაიხსნა. არხის აღდგენის სამუშაოებში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღეს საბჭოთა სამხედრო სპეციალისტებმა, რომლებმაც არხიდან ამოიღეს 40 000-ზე მეტი და ააფეთქეს 750 000-ზე მეტი ნაღმი (3).
შეერთებული შტატები, ამ აგრესიული აქციის მომზადების პერიოდში ცდილობდა დიპლომატიური ზემოქმედების გზით ეგვიპტე იძულებული გაეხადა უარი ეთქვა სუეცის არხის კომპანიის ნაციონალიზაციაზე და თავს მოეხვია მისთვის ე.წ. „დალესის გეგმა“, რომელიც გულისხმობდა უცხოელთა მმართველობას სუეცის არხზე და უარყოფდა ეგვიპტის სუვერენულ უფლებას მასზე. უფრო მეტიც, შეერთებულმა შტატებმა აქტიური მონაწილეობა მიიღო დიდ ბრიტანეთთან ერთად ეგვიპტის ფინანსურ ბლოკადაში, მათ შორის შეაჩერა დაფინანსება ასუანის კაშხლის მშენებლობისათვის. თუმცა, ომის დაწყების შემდეგ, ვაშინგტონმა საჯაროდ დაიკავა სამი ქვეყნის აგრესიის დაგმობის პოზიცია. აშშ-ის პოზიციის ორპირობა არაბული ქვეყნების კეთილგანწყობის მოპოვებისა და ახლადგათავისუფლებული სახელმწიფოების საბჭოთა ბანაკში ჩაწერის არიდებისადმი მცდელობით უნდა აიხსნას, თუმცა, მეორესმხრივ, რამდენადაც აშშ-ს არ სურდა არაბულ საზოგადოებებში აპათიის გამოწვევა მათდამი აგრესიის ღია მხარდაჭერით, იმდენადვე, მის ინტერესში არ შედიოდა ეგვიპტის სათავეში ანტი-იმპერიალისტური და ანტი-სიონისტური ხელისუფლების შენარჩუნება, რომელიც სულ უფრო მეტ საერთოს ძებნიდა საბჭოთა კავშირთან. ასე რომ, აშშ-ისათვის ყველაზე მომგებიანი შერჩეული პოზიცია — პირდაპირი აგრესიისაგან დისტანცია და ორმაგი თამაში — გამოდგა. კონფლიქტში აშშ-ის მხრიდან განსხვავებული, ეგვიპტისადმი უფრო ხისტი, ტაქტიკის შერჩევის შემთხვევაში კრიზისი აუცილებლად მიიღებდა უფრო მასობრივ ხასიათს და აშშ-სა და სსრკ-ს მიიყვანდა პირდაპირი დაპირისპირების წინაშე, როგორც ეს მოხდა კუბის კრიზისის დროს, 1962 წელს.
სავარაუდოა, რომ აშშ ელოდა აგრესიის ჩაშლას, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგობისა და საკუთარი პოზიციის გამო, რაც უპირველესად დარტყმას მიაყენებდა რეგიონში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბატონობას და გაუმარტივებდა შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში ძველი კოლონიური ძალების პოზიციების დაკავებას. მართლაც, სუეცის კრიზისი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ახლო აღმოსავლური პოლიტიკის მორიგი კრახი აღმოჩნდა. ინგლისმა ეგვიპტეზე დაკარგა დარჩენილი, ეკონომიკური გავლენებიც, იორდანიის მეფე ჰუსეინმა არაბული ლეგიონის ხელმძღვანელობიდან გადააყენა ინგლისელი გლაბ ფაშა, 1958 წლის რევოლუციამ კი ერაყში წერტილი დაუსვა ჰაშიმიტურ პრო-დასავლურ მონარქიას და სათავეში მოვიდა პრო-საბჭოთა განწყობის რესპუბლიკური ხელისუფლება. რაც შეეხება საფრანგეთს, იგი იძულებული გახდა 1962 წელს უარი ეთქვა ალჟირზე იქ მომძლავრებული არაბული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სასარგებლოდ. აშშ-მა მართლაც აიღო თავის თავზე დასავლეთ ევროპული კოლონიური ძალების ჩანაცვლება. ამის დასტურად იქცა ორ თვეში, 1957 წლის 5 იანვარს გამოქვეყნებული „ეიზენჰაუერის დოქტრინა“, რომელმაც პრეტენზია განაცხადა აშშ-ის უფლებაზე ჩაერიოს ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერი ქვეყნის საშინაო საქმეებში, კომუნიზმთან ბრძოლის საბაბით.
საბჭოთა კავშირის დიპლომატიურმა მეთოდმა — ეპასუხა აგრესიაზე მუქარით, შედეგი გამოიღო და შეაჩერა სამი ქვეყნის ერთობლივი ომი ეგვიპტის წინააღმდეგ, რამაც მას გაუღრმავა პრესტიჟი არაბულ და მესამე სამყაროს ქვეყნებში. საბჭოთა კავშირმა ჩაანაცვლა აშშ და დიდი ბრიტანეთი ეგვიპტეში მსხვილი ინდუსტრიული პროექტების: ასუანის კაშხლის, ჰელუანის მეტალურგიული ქარხნისა და სხვათა დაფინანსებასა და მშენებლობაში. საბჭოთა მაქრსისტ-ლენინისტური სახელმწიფო იდეოლოგიისათვის დიდი წარმატება იყო ისიც, რომ არაკაპიტალისტური განვითარების გეზის მქონე, ანტი-იმპერიალისტურმა და ანტი-სიონისტურმა რევოლუციურმა ხელისუფლებამ ეგვიპტეში შეინარჩუნა ძალაუფლება და ეს მოხდა ყოველგვარი ტერიტორიული დანაკარგის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ძალთა თანაფარდობა საკმაოდ არაპროპორციული იყო: ერთ მხარეს ეგვიპტე, რომელმაც სულ ორი წლით ადრე გაისტუმრა საკუთარ მიწაზე იძულებით მდგარი ინგლისური არმია და მეორე მხარეს — დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ისრაელი.
სუეცის კრიზისის შედეგებმა ფართო გასაქანი მისცა ნასერის იდეების გავრცელებას მთელს არაბულ სამყაროში, რომელიც ხაზს უსვამდა საერთო არაბულ ეროვნულ ცნობიერებას, რომ არაბულ ქვეყნებს შორის შექმნილი საზღვრები მხოლოდ იმპერიალისტური სახელმწიფოების პოლიტიკის შედეგი იყო და აუცილებელი იყო არაბთა გაერთიანება მარაკეშიდან ბაჰრეინამდე. ორ წელიწადში, 1958 წლის თებერვალში, სწორედ ამ იდეების საფუძველზე ეგვიპტე და სირია გაერთიანდა ერთ სახელმწიფოში, რომელსაც ეწოდა — არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა და სათავეში ჩაუდგა პრეზიდენტი აბდელ გამალ ნასერი. 1958 წლის მარტში ანტი-მონარქიული რევოლუცია მოეწყო ერაყშიც, რომლის ავანგარდ ძალასაც, ეგვიპტის 1952 წლის რევოლუციის ანალოგიურად, ერქვა „თავისუფალი ოფიცრები“. ე.წ. „ნასერიზმის“ ტალღა „ემუქრებოდა“ ლიბანს, იორდანიას და სხვა არაბულ ქვეყნებს, საპასუხოდ დასავლეთისგან მხარდაჭერილი არაბული მონარქიული რეჟიმები იღებდნენ ზომებს რევოლუციური იდეების გავრცელების წინააღმდეგ. არაბულ სამყაროში რევოლუციურ და მონარქიულ ქვეყნებს შორის დაპირისპირებას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „არაბულ ცივ ომს“.
გამოყენებული ლიტერატურა: