მნიშვნელოვანი პერსონები ფილოსოფია

ოგიუსტ კონტი

ოგიუსტ კონტი

აღწერა

ოგიუსტ კონტი (1798 -1857) ფრანგი ფილოსოფოსი, პოზიტივიზმის დამაარსებელი. სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ფუძემდებელი.
საზოგადოების მექანისტური თეორიის წინააღმდეგ რეაქცია ყველაზე ადრე ინგლისში დაიწყო, სადაც საზოგადოების გაგებაში ახალი ტენდენციების გამომხატველად XVIII-ე საუკუნეში მოგვევლინა ადამ ფერგიუსონი, რომელმაც საფუძვლიანად გააკრიტიკა სახელმწიფოს წარმოშობის ჰობსისეული და რუსოსეული ხელშეკრულებიტი თეორია. ფერგიუსონი ამტკიცებს, რომ ადამიანი თავიდანვე თავისი ბუნებით სოციალური – საზოგადოებრივი არსებაა, ამიტომ „კაცობრიობა უნდა განიხილებოდეს ჯგუფების სახით, რომლებშიც არსებობდა იგი მთელი თავისი არსებობის მანძილზე. ცალკეული ადამიანის ისტორია, – ამ ადამიანის გვართან კავშირურთიერთობის პროცესში შეძენილი გრძნობებისა და აზრების მხოლოდ ერთეული გამოვლენაა და ამ საგნის – კაცობრიობის ყოველი გამოვლენა უნდა ამოდიოდეს საზოგადოებისა და არა ერთეული ადამიანებისაგან“. კონტი უფრო აღრმავებს ამ აზრს და ამოსავალ პრინციპად საზოგადოებას როგორც ორგანულ მთლიანობას იღებს.
სოციოლოგია ერთის მხრივ უპირისპირდება თეოლოგიურ შეხედულებებს, მეორეს მხრივ მეტაფიზიკურ შეხედულებებს, რომელთა მიხედვით საზოგადოება ადამიანთა გონიერი ნების პროდუქტია. სოციოლოგია კი არის ის ერთადერთი მეცნიერება, რომელიც სწავლობს იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის გონება და ფსიქიკა სრულყოფილი საზოგადოებრივი ცხოვრების გავლენით. 

ინდივიდი აბსტრაქციაა, საზოგადოება კი სინამდვილე, რომელიც კანონებს ექვემდებარება. ბიოლოგიურისაგან განსხვავებით სიტუაციური მოვლენები მუდმივ განვითარებაში იმყოფებიან – ამიტომ მათი არსება ისტორიულობაში გამოიხატება.

საზოგადოებრივი განვითარების მთავარი შინაარსი მეცნიერული გონის პროგრესია. ამის შესატყვისად მიმდინარეობს კიდეც საზოგადოების ისტორიის განვითარების პროცესი. ძირითადი და პირველადი სინამდვილე, რომლისაგანაც უნდა ამოვიდეს სოციოლგი, არის საზოგადოება მთლიანობაში. ესაა მთელი კაცობრიობის ან მისი რომელიმე დიდი ნაწილის ორგანული ერთიანობა, რომელიც დაკავშირებულია „საყოველთაო თანხმობით“. მათ ახასიათებთ მისი სტრუქტურული ელემენტების ჰარმონიული ფუნქციონირება. საზოგადოების სირთულე აიხსნება იმით, რომ მასში მოქმედი თანამედროვე ფაქტორები ერწყმიან ისტორიულს, წარსული თაობები გავლენას ახდენენ თანამედროვე თაობებზე. საზოგადოება – კაცობრიობა უმაღლესი სინამდვილეა. ერთგვარი უმაღლესი არსებაა. ისაა თავისებური რეალობის მქონე, მაგრამ ამგვარი თვალსაზრისი არ არის სოციალური რეალიზმი, რომელიც აფეტიშებს და რეიფიკაციას უკეთებს სოციალურ მოვლენებს.
ოგიუსტ კონტმა პირველად შემოიღო ტერმინი „სოციოლოგია“ (ლათინური socius - საზოგადოება და ბერძნული logos - სწავლება). იგი თვლიდა, რომ საზოგადოება შესაძლებელია შესწავლილ იქნას მეცნიერულად, ისევე როგორც ფიზიკური სამყარო.კონტი პოზიტივიზმის დამფუძნებელია - ეს არის მიდგომა, რომელიც ამტკიცებს, რომ ცოდნა უნდა დაეფუძნოს ფაქტებს, დაკვირვებასა და მეცნიერულ მეთოდს. კონტისთვის, სოციალური მოვლენების შესწავლა უნდა იყოს ისეთივე ობიექტური და ემპირიული, როგორც ფიზიკის ან ქიმიის.
კონტმა სოციოლოგია დაყო ორ ნაწილად: სოციალური სტატიკა – სოციალური სტრუქტურებისა და ინსტიტუტების შესწავლა, რაც საზოგადოების სტაბილურობას უზრუნველყოფს. სოციალური დინამიკა – სოციალური ცვლილებებისა და პროგრესის შესწავლა.

აღსანიშნავია რომ კონტმა წამოაყენა ისტორიული განვითარების თეორია, რომელიც ცნობილია როგორც „სამი სტადიის კანონი“:

  1. თეოლოგიური სტადია – საზოგადოება მოვლენებს ხსნის რელიგიური ძალებით.
  2. მეტაფიზიკური სტადია – ახსნა ეფუძნება აბსტრაქტულ, ფილოსოფიურ ცნებებს.
  3. პოზიტიური სტადია – მოვლენები აიხსნება მეცნიერული მეთოდით, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.