მაქს ვებერი (1864 -1920) — გერმანელი სოციოლოგი, ფილოსოფოსი. დიდი გავლენა მოახდინა სოციოლოგიურ თეორიაზე, სოციოლოგიურ კვლევასა და საკუთრივ სოციოლოგიის დისციპლინაზე. ხშირად ემილ დიურკემთან და კარლ მარქსთან ერთად მოიხსენიება როგორც სოციოლოგიის ძირითადი ფუძემდებელი. ბერლინში, ფრაიბურგში, ჰაიდელბერგსა და მიუნხენში იყო პროფესორი. მაქს ვებერის სამეცნიერო მოღვაწეობის დიაპაზონი მეტად ფართო იყო. იგი არის დისციპლინათა შორისი მიდგომის მამამთავარი. მრავალი შრომის ავტორია. მისი შრომები შეეხება მეურნეობისა და სოციალური ფორმების ისტორიას, რელიგიასა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურას, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ლოგიკასა და მეთოდოლოგიას.
ვებერი თვლიდა, რომ სოციოლოგიის მიზანია „სოციალური ქმედების გაგება“ — ანუ, რატომ იქცევიან ადამიანები ისე, როგორც იქცევიან. განსხვავებით პოზიტივისტებისგან (კონტი), ვებერისთვის მნიშვნელოვანია მნიშვნელობების ინტერპრეტაცია, რომლებსაც ადამიანები ანიჭებენ საკუთარ ქმედებებს. ვებერი ეყრდნობა კანტიანურ გადაწყვეტას: ფენომენი - ის, რაც ხილულია, ის რაც დაკვირვებაში მოიცემა, ის რაც შეიძლება აღვწეროთ. ეს არის ობიექტური რეალობა, ბუნების კანონებით განსაზღვრული მოვლენები. ნოუმენი - ადამიანის შინაგანი გამოცდილება, აზროვნება, მოტივაცია. ეს არ ჩანს პირდაპირ და არ ექვემდებარება მხოლოდ დაკვირვებას.